შემოვლითი რკინიგზა

ბახტაძე: შემოვლითი რკინიგზის პროექტი იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული

საქართველოს პრემიერმინსიტრის მამუკა ბახტაძის თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომლის მშენებლობაც რკინიგზაში მისი მუშაობის პერიოდში შეჩერდა, კონტრპროდუქტიული  რეტროგრადული იყო. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ახალი მეტროსადგურების ასაშენებლად გამოიყენებენ.

"ბევრ თქვენგანს მოეხსენება ე.წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის შესახებ. ბევრი რამ ითქვა ამ პროექტთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჩემი რკინიგზაში მუშაობის პერიოდში მოხდა ამ პროექტის შეჩერება სრულიად ობიექტურად, ვინაიდან, ის ვერანაირ სტანდარტს ვერ პასუხობდა. უფრო მეტიც, ის იყო კონტრპროდუქტიული და მე ვიტყოდი, რეტროგრადული. თქვენ ვერ ნახავთ ევროპაში ვერც ერთ ქალაქს, სადაც არ არის განვითარებული ყველაზე მწვანე ტრანსპორტი, რკინიგზა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ევროპულ ქალაქს, სადაც არ არის ცენტრალური რკინიგზის სადგური. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა იმას, რომ ჩვენ ყველაზე მწვანე ტრანსპორტი უნდა გადაგვეტანა ქალაქიდან და მის მაგივრად შეგვექმნა დამატებითი ავტომაგისტრალები, ჩვეულებრივი ავტომობილებისათვის. ბუნებრივია, ეს არის სრულიად მიუღებელი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა ამ პროექტს და ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც, ამ პროექტის დამთავრება არსებული დიზაინით იყო სრულიად მიუღებელი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ სწორედ ის, რომ ჩვენ მოგვეხდინა ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ერთმანეთში ყველაზე ეფექტური საშუალებით. დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და კახი ამის შესახებ ისაუბრებს დეტალურად. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში." - ამბობს ბახტაძე.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, 2012 წლისთვის პროექტისთვის საჭირო კაპიტალური პროექტების ნახევარზე მეტი უკვე აშენებული იყო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ახალმა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელება სამშენებლო ხარვეზების გამოვლენის მოტივით სამი წლით შეაჩერა. ახლა მთავრობა სამუშაოების გაგრძელებას გეგმავდა. 

2016 წლის აგვისტოში საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა განკარგულებას ხელი, რომლის მიხედვითაც რკინიგზის მშენებლობა 22 თვეში უნდა დასრულებულიყო. როგორც დღეს მოქმედმა პრემიერმა თქვა, პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაკლოვანებები ჰქონდა და მის ინფრასტრუქტურას ახალი მეტროსადგურების ასაშენებლად გამოიყენებენ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია სამგორიდან ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენებას გეგმავს. კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 90 მილიონი დოლარი დაჯდება.

კომენტარები