ელექტრომობილები

ბახტაძე: ათი წლის განმავლობაში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ამის შესახებ პრემიერმა მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ბახტაძის თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება ფასის სხვაობა ელექტრო ტრანსპორტსა დასხვა ავტომობილების განბაჟებას შორის, ასევე განავითარებენ ინფრასტრუქტურას, იმისთვის, რომ მეტი ადამიანი დაინტერესდეს ელექტრომობილების შემოყვანით.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა მივეცით ელექტრო ტრანსპორტს შიდა წვის ძრავიან ავტომანქანებთან შედარებით, განბაჟება ფაქტობრივად გახლავთ ნულოვანი და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით სხვაობას განბაჟების ნაწილში ელექტრო ტრანსპორტსა და ტრადიციულ ავტომობილებს შორის. ამასთან ერთად, ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს და ხელს შეუწყობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს საქართველოში ელექტრო ავტომობილების შემოყვანით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტრო ავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთ წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე ცნობილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა. მინდა ამავე დროს შევეხო იმ ძალიან მნიშვნელოვან დადებით მომენტს, რასაც კონკრეტულად მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა გახლავთ სავაჭრო დეფიციტი და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი იმპორტის ჩამონათვალში ნომერ პირველ ადგილზე გახლავთ საწვავი. სწორედ საწვავზე მოდის ჩვენი იმპორტის ყველაზე დიდი წილი. აქედან გამომდინარე, ელექტრომობილებზე გადართვას აქვს დამატებით უზარმაზარი მაკროეკონომიკური ეფექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოში შევქმნათ მეტი დოვლათი, შევამციროთ სავაჭრო დეფიციტი და ამასთან ერთად გავაჩინოთ ძალიან მსხვილი მომხმარებელი ჩვენი ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიის.“ - ამბობს პრემიერი.

ბახტაძის თქმითვე, მომდევნო კვირიდან უკვე დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით. პრემიერი ამბობს, რომ "ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილებგახდეს კიდევ უფრო პოპულარული ჩვენს ადილობრივ ბაზარზე."    

კომენტარები