კალაძე: ზურაბიშვილის რა განცხადებებზე საუბრობთ, როცა ენმ-ს დროს ქმედებებია განხორციელებული

თბილისის მერის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას რუსეთის მიერ ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებაზე.

"რა განცხადებებზე საუბრობთ, ქმედებებია წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული და ტერიტორიები გვაქვს დაკარგული. რა განცხადებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. "ნაციონალურ მოძრაობას", თქვენს ტელევიზიას, თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე, იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, 200-მდე სოფელი. დღეს ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და გამოდიხართ, საუბრობთ ომზე. ძალიან უხერხულია, ძალიან", - ამბობს კახა კალაძე.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოზიციას და განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ უკვე იყენებს. დღევანდელ ბრიფინგზე ბაქრაძემ წარადგინა ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან.

"როგორც იცით, საქართველომ შეიტანა ჰააგაში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ სარჩელთან დაკავშირებით, რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, შესაგებებელი სარჩელი, რომელშიც ერთერთ არგუმენტად მოყვანილია სწორედ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან", - ამბობს დავით ბაქრაძე.

კომენტარები