არჩევნები 2018

გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა

GDS

რეჟისორმა და "ლე ხაინდრაო პროდაქშენის" დირექტორმა, გოგა ხაინდრავამ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 15 ათასი ლარი შესწირა.

აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 15 ათასი ლარი ზურაბიშვილს ხაინდრავამ 16 ოქტომბერს, "ქართუ ბანკის" მეშვეობით შესწირა.

3-დან 16 ოქტომბრამდე პერიოდში მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატმა შემოწირულობა 108 ფიზიკური და ერთი იურიდიული (მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზი) პირისგან მიიღო. ამ პერიოდში შემოწირულობებმა ჯამში თითქმის 2 მილიონი (1916026) ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მხოლოდ ოქტომბრის პირველ ცხრა დღეში იმაზე ხუთჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მთელი სექტემბრის განმავლობაში. შემომწირველებს შორისაა კომპანია RMG Copper-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ბალანჩივაძე, "ქართული ოცნებიდან" გორის მაჟორიტარი იოსებ მაკრახიძე. ასევე დედაქალაქის მერი, ბიძინა ივანიშვილის ძმა და ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგები. ზურაბიშვილმა კამპანია "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" ფარგლებში მიიღო რამდენიმე პირისგან 30 თეთრი.

გარდა ამისა, 1 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ბანკიდან" 1 მილიონი ლარის სესხი აიღო. სესხის მოთხოვნის მიზეზი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი გახდა. ამ მუხლის მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონის მოთხოვნის უფლება აქვს. შესაბამისად, ზურაბიშვილის სესხს გადასახადის გადამხდელები დაფარავენ.

ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური შემოწირულობების კანონით განსაზღვრული ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 60,000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი 120,000 ლარია. რეალურად, ივანიშვილის ქართუ ბანკი ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დამფინანსებელია, მაგრამ რადგან ეს სესხის მეშვეობით ხდება, აღნიშნული კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც კანონი საარჩევნო კამპანიისთვის თანხის სესხების ლიმიტს არ განსაზღვრავს. 

ანალოგიურ ხერხს მიმართა 2016 წელს ქართულმა ოცნებამაც. მაშინ ივანიშვილის პარტიამ ივანიშვილის ბანკისგან 1 მილიონი ლარი 4 თვის ვადით ისესხა. სესხის განაკვეთი 11% იყო.

კომენტარები