ზურაბიშვილი ბაქრაძის განცხადებაზე - საუბრისას მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ

პარლამენტი

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ერთერთ მტკიცებულებებად სალომე ზურაბიშვილის განცხადებებია წარდგენილი, თავად ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭრილი პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საარჩევნო კამპანიის დასასრულს, აჯობებს, ოპონენტებმა მასზე საუბრის ნაცლად, სამომავლო გეგმების გაცნობას დაუთმონ დრო.

"სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ საუბარი, მე მიკვირს ის, რომ მთავრდება ახლა კამპანია და მთავარი ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა, მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს ამ არჩევნებში, რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რას ჰპირდება მომავლისთვის. მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს, ვეუბნები ყველგან და მე მგონი, დრო არის, რომ სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ კითხვას. რისთვის მოდიან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები. თუ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი არგუმენტები იყოს, ცალკე ბრიფინგს მივუძღვნი ამ საკითხს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

დავით ბაქრაძის განცხადებას, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბაქრაძის განცხადებები ჰააგის შესახებ არის სიცრუე: "დავით ბაქრაძის განცხადება ჰააგის შესახებ არის ტყუილი, რასაც მტკიცებულებით დავადასტურებთ".

ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ წარადგინა ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაცია ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, პოზიციასა და განცხადებებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ უკვე იყენებს.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა". შემდეგ განცხადებებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა დააზუსტა, რომ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ, "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა". ასევე, ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ "ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, მაგრამ საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი [2008 წლის ომი] ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა. მომდევნო წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა, სადაც საქართველო „გენოციდში“ დაადანაშაულა. სარჩელში რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს და მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან "La tragédie géorgienne 2003-2008".

ამონარიდები რუსეთის სარჩელიდან და მათ მიერ გამოყენებულ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები