პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

კახიძე კობახიძეს: უზრუნველყავით შს მინისტრის და მთავარი პროკურორის პარლამენტში გამოცხადება

პარლამენტი

"ევროპული საქართველო" შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლას და საგამოძიებო კომისიის ანგარიშის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი ანგარიშის წარდგენას ითხოვს. 

ამის შესახებ პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ევროპულმა საქართველომ" შესაბამისი წერილები გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის უწყებებს უკვე გაუგზავნეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

"პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ რომ მუშაობა დაასრულა, ერთ-ერთი რეკომენდაცია გახლდათ შს მინისტრის და მთავარი პროკურორის მოწვევა, რათა მათ პარლამენტის წინაშე წარმოადგინონ საკუთარი ანგარიში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. „ევროპულმა საქართველომ“ გაგზავნა შესაბამისი წერილები, როგორც სამინისტროში, ისე პროკურატურაში და ჩვენ ვთხოვეთ მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს, რომ 31 ოქტომბრამდე გამოცხადნენ მათთვის ხელსაყრელ დროს უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე, თუმცა, არც ერთი უწყებისგან პასუხი დღემდე არ გვაქვს, როდის აპირებენ მოსვლას. როგორც მოგეხსენებათ, რეგლამენტი მათ ავალდებულებთ, ვინაიდან ისინი არიან პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყებები",- ამბობს კახიძე. 

კახიძემ პარლამენტის თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა და მას ძალოვანი უწყებების თანამდებობის პირების პარლამენტში გამოცხადების უზრუნველყოფა სთხოვა. 

"მინდა დავამატო, რომ ის ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა დამატებით, ახალ კითხვებს სვამს საქმესთან დაკავშირებით. ბატონო თავმჯდომარე, მინდა თქვენი და ჩემი კოლეგების წინაშე დავსვა საკითხი, რომ უზრუნველყოთ პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უმაღლესი თანამდებობის პირების გამოცხადება, რეგლამენტის დაცვა და იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც გვექნება ჩვენ და დარწმუნებული ვარ, ალბათ გექნებათ თქვენც",- მიმართა კახიძემ კობახიძეს. 

საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამნეტში მივლენ. 

"დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ გვეწვევიან როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, მთავარი პროკურორი ამ საკითხთან დაკავშირებით და გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე, მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები