კანონი ენერგოეფექტიანობის შესახებ

ბინის გაყიდვა-გაქირავების მსურველებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატი დასჭირდებათ

კომერსანტი

ბინის გაყიდვა-გაქირავების მსურველებს ენერგოეფექტიანობის სერტიფიკატის აღება დასჭირდებათ. 

შესაბამისი ჩანაწერი ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონში გაკეთდება, რომელიც პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

კანონპროექტი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე 22 ოქტომბერს განიხილეს, თუმცა, საკითხზე მსჯელობა გადაიდო, ვინაიდან კომიტეტმა მისი ავტორისგან - ეკონომიკის სამინისტროსგან ხარჯთაღრიცხვის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. 

კანონპროექტის არსებული ვარიანტით, ენეგოეფექტურობის სერტიფიკატის აღება ბინების გაყიდვისა და გაქირავების მსურველებს 2019 წლის 30 ივნისიდან მოუწევთ. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირმა ქავთარაძის თქმით, სერტიფიკატი - ეს არის დოკუმენტი, რომელიც უბრალოდ აღწერს შენობაში არსებულ მდგომარეობას ენერგოეფექტიანობის მიმართულებით.

ქავთარაძე ამბობს, რომ სერტიფიკატის გაცემას სპეციალისტები კონკრეტული პროგრამების მეშვეობით შეძლებენ და ეს დიდ თანხებთან დაკავშირებული არ იქნება. 

„დღევანდელ ბინის მფლობელებს არანაირი ვალდებულება არ დაეკისრებათ. თუ ცხოვრობთ საცხოვრებელ ბინაში და არც ყიდით და არც აქირავებთ, ეს კანონი თქვენ არ გეხებათ“,- თქვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. 

თუმცა, კანონპროექტის მიხედვით, შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება სავალდებულოა

ა) ახალი შენობებისთვის ან მათი ნაწილებისთვის.

ბ) არსებული შენობებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა.

გ) არსებული შენობების ნაწილებისთვის, რომლებიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ 2020 წლიდან სამშენებლო ნებართვების აღებამდე, პროექტმა მინიმალური ენერგოეფექტიანობის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

მოთხოვნებს მთავრობის აქტი დაარეგულირებს, რომელშიც პირობები სხვადასხვა კლიმატური ზონების მიხედვით იქნება განსაზღვრული, მაგალითად ბათუმში, თბილისსა და გუდაურში სხვადასხვა მოთხოვნები იქნება დადგენილი ენერგოეფექტიანობის მიმართულებით. ქავთარაძის თქმით, ენერგოეფექტიანობის მოთხოვნები სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ხარჯეფექტიანი იქნება მშენებლისთვის. ​

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ არამარტო მშენებლობის ხარჯებიდან, არამედ უნდა ვიანგარიშოთ ხარჯები, რომლებიც დაკავშრებულია ბინის ყიდვასა და ექსპლუატაციასთან. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ენერგოეფექტიანობის მოთხოვნები მხოლოდ მაშინ იქნება და ისიც ახალ ბინებზე, თუ არის ხარჯეფექტური. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ დახარჯული თანხა ნაკლებია იმ დანაზოგზე, რომელსაც ადამიანები მიიღებენ ენერგოეფექტიანი ღონისძებების განხორციელების შედეგად, ენერგოეფექტიანობა სავალდებულო არ იქნება. 

მაგალითად, თუ მე ბინა დამიჯდებოდა კვადრატული 200 ლარი, დავხარჯზე თითოეულ კვადრატულზე 3 ლარით მეტი, მაგრამ დავზოგე ამდენივე ბუნებრივი გაზი ან ელექტროენერგია, მაშინ მე ენერგოეფექტიანობა მომეთხოვება. მაგრამ თუ ჩემი დანაზოგი ბინის ყიდვისას, ნაკლებია ვიდრე თანხები, რომლებიც დამიჯდა შენობის გაენერგოეფექტიანობა, მაშინ არ არის სავალდებულო. ანუ ამოსავალი არის ის, რომ ბინის მყიდველმა უნდა მიიღოს დადებითი ეკონომიკური ეფექტი. ამის გაზომვა კი მოხდება ენერგო აუდიტორების მიერ“,- თქვა ირმა ქავთარაძემ, bm.ge-ს ცნობით.

ენერგოეფექტიანობის გამოთვლის კრიტერიუმები კანონპროექტით არის გაწერილი. 

კანონის სრულად ამოქმედება 2029 წლიდან იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, ყველა ახალი შენობისთვის თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის სტანდარტის დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება.

კომენტარები