კრიმინალი

ყაჩაღობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ShutterStock

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შ.კ-ს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი შ.კ. ქ.თბილისში გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხილ-ბოსტნის მაღაზიაში, თავს დაესხა გამყიდველს გ.კ-ს და მაღაზიაში მყოფ თ.კ.-ს, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გ.კ-ს კუთვნილ თანხას დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ შ.კ. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბილისში, გლდანში შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“-ს ავტოსადგომზე, თავს დაესხა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომლებს გ.ჟ.-ს და ა.თ.-ს, მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა შ.კ. 2018 წლის 19 იანვარს, ქ.თბილისი, გლდანის მე-6 მკ/რ-ში დააკავეს" - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის), 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 3531 მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები