ძლიერთა თამაშები

დაშავებული ქართველი სამხედროების ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი მეორედ გახდა. საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში მიმდინარე "ძლიერთა თამაშებში“ გაერთიანებული სამეფოს ნაკრების წინააღმდეგ ასპარეზობისას მოიპოვა. ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხა და ოქროს მედალოსანი გახდა.

ფინალში გასვლამდე ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, "ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში  გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გახდნენ ჩემპიონები.

სპორტული შეჯიბრება, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და პრინც ჰარის პატრონაჟით იმართება, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები