საქართველო-რუსეთი

რა მოიგო საქართველომ 2008 წელს ევროსაბჭოში ომზე რეზოლუციის მხარდაჭერით

სალომე ზურაბიშვილის მტკიცება, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დამნაშავე საქართველოა და რომ ჩვენ ჩვენი „მოქალაქეები დავბომბეთ“, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ელექტორალური პრობლემაა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ზურაბიშვილის ციტატები რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს საზღვრების შესაცვლელად მტკიცებულების სახით წარუდგენია - მით უმეტეს. ამ პრობლემიდან თავის დაძვრენას "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ნომერ 1633 რეზოლუციაზე აპელირებით ცდილობენ. მათგან ხშირად გაიგონებთ, რომ ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მაშინდელმა დელეგაციამ (რომლის შემადგენლობაში მეც ვიყავი) თავად დაუჭირა მხარი.

ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემა „ღალატი“ იყო, მაგრამ, ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები იმიტომაა გამართლებული, რომ რეზოლუციაშია მოხსენიებულიო. მაშ, თუ რეზოლუცია ღალატია, სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამი, რაც (მათი აზრით) იმეორებს რეზოლუციას, არა?

ქართული ოცნების წარმომადგენელთა საკუთარ არგუმენტებში ჩაკარგვის ცქერა კარგი გასართობი იქნებოდა, ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს რომ არ ეხებოდეს.

მაშ, კარგია თუ ცუდი საქართველოსთვის ეს რეზოლუცია და სწორი იყო თუ არა მისთვის ხმის მიცემა?

2008 წლის სექტემბერია. ომის შემდეგ გასულია ერთ თვეზე ოდნავ მეტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე კიდევ ექვსი წელია დარჩენილი. დასავლეთში რუსეთი ჯერ კიდევ პრობლემურ, მაგრამ პარტნიორად მიიჩნევა. დღეს უკვე ძალიან საშიშად მიჩნეული რუსული პროპაგანდისტული მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს, „ბომბავს“ დასავლურ საზოგადოებრივ აზრს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ციტატებზე დაყრდნობით (მაგალითად, ვლადიმერ პუტინის 2008 წლის ინტერვიუ CNN-თან, სადაც სალომე ზურაბიშვილის ციტატებს იშველიებს), რომ აგრესორი სინამდვილეში საქართველოა. მერე რა, რომ ერთი ქვეყნის ჯარების მიერ მეორეს საზღვრის გადალახვა უკვე ომის აქტია.

მოკლედ, სწორედ ასეთ სიტუაციაში 2008 წლის სექტემბერს იმართება პირველი დებატები საქართველოსა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაციებს შორის. ამ დებატების შედეგად უნდა შეიქმნას ომის შემდეგ პირველი პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე რუსეთისა და საქართველოს ჭიდილის ტონსა და მიმართულებას. როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში 2008 წლის ორ ოქტომბერს შევედი და გამოსვლისთვის ვემზადებოდი, ჩემთვის ეს სრულიად ნათელი იყო. ამ დროს არ იყო არც არაღიარების პოლიტიკა და არც ის ვიცოდით, რამდენი ქვეყანა „აღიარებდა“ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. 

სად მოვიგეთ:

  • რეზოლუციაში რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა შეფასდა, როგორც „ოკუპაცია“ და „შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე“ და „ევროპის საბჭოს წესდების დარღვევა“ - პუნქტი #6. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერვე დაჩოქებული საქართველოსთვის სამშვიდობო ფორმატების თავის მოხვევის შედეგად, სულ რამდენიმე თვის წინ ფორმალურად მას ჯერ კიდევ „შუამავლის“ სტატუსი ჰქონდა, რაზეც აგებდა კიდეც საკუთარ საერთაშორისო სამართლებრივ და პიარ სტრატეგიას ომის შემდეგ. ამ ბრძოლის პირველივე რაუნდში რუსეთის ოკუპანტად გამოცხადება პრინციპული გამარჯვება იყო.
  • ერთმნიშვნელოვნად დაგმობილ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება რუსეთის მხრიდან, ცალსახად მხარდაჭერილი იქნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; ასევე გავიტანეთ ცალსახა მოწოდება რუსეთის მიმართ, რომ უკან წაიღოს ეს აღიარება - პუნქტი #9.
  • არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 1993 წლის შემდეგ პირველად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების გამოდევნაზე, ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებლად გამოცხადდნენ არა მითიური „სეპარატისტები“ არამედ პირდაპირ რუსეთი - პუნქტი #13.

გარდა ამ პრინციპული ტერმინების „ჩაბეტონებისა“, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლებრივ ბრძოლაში სრულ გამარჯვებას, ჩვენი დელეგაციის აქტიური მუშაობის შედეგად, რუსეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მოსთხოვეს, რომელიც ამ სამართლებრივი ბაზის ასევე მნიშვნლოვანი ნაწილია. კერძოდ:

  • შეასრულოს 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, მათ შორის ჯარების კონფლიქტამდელ პოზიციებამდე გაყვანით.
  • დაუშვას ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
  • იმუშაოს საერთაშორისო სამშვიდობო ფორმატის შესაქმნელად, რის შედეგადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უნდა შევიდნენ საერთაშორისო სამშვიდობო ძალები.

სად წავაგეთ:

მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, რეზოლუციაში ჩაიწერა შემდეგი წინადადება:

“2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა".

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ამაზე საქართველოსთვის ბევრად უფრო წამგებიან განცხადებებს აკეთებენ, ეს წინადადება რუსეთის შეიარაღებული ძალების ე.წ. სამშვიდობო ძალებში არშემავალი ნაწილების დიდი რაოდენობით საზღვრის გადმოკვეთის საკითხს ღიად ტოვებს (რაც ახლა ეჭვს აღარ იწვევს საქართველოს მიმართ მაშინ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ წრეებშიც კი).

დიახ, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები რამდენჯერმე შევეცადეთ სხვადასხვა შესწორებებით ამ პუნქტის წაშლას ან შეცვლას. ერთ შემთხვევაში სულ ერთი ხმა დაგვაკლდა და წავაგეთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა მიგვეცა თუ არა ხმა რეზოლუციისთვის? ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე - აუცილებლად. დიახ, დეოკუპაციის სამართლებრივი საფუძველი სწორედ იმ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების დიდი ბაზაა, რომლის განუყოფელი ნაწილი ამ რეზოლუციაში რუსეთის მიმართ წაყენებული მოთხოვნებია.

აქვე უნდა გავიხსენო, რომ იმ კონკრეტულ მომენტში რუსეთს განუზომლად მეტი დამცველი ჰყავდა დასავლეთში, ვიდრე დღეს. ისინი დღეს აღარავის ახსოვს (მარგინალიზებულები არიან და/ან პოლიტიკიდან წავიდნენ). მაგრამ მაშინ წარმოიდგინეთ ჩვენი გაოგნება, როცა რუსეთის მხარეს ბრიტანელი, ფრანგი, შვეიცარიელი და გერმანელი დეპუტატების თუნდაც მცირე ნაწილი აღმოჩნდნენ. კარგად მახსოვს ბრიტანელი ლიბერალის, მაიკლ ჰენკოკის სიტყვაკაზმული გამოსვლა. სულ რამდენიმე წელიწადში დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვამ მისი მომხიბვლელი რუსი თანაშემწე ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა.

და ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2008 წელს საქართველოს მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, ვინც რუსეთ-საქართველოს ომს იზოლირებულ ინციდენტად, ხოლო რუსეთს კვლავაც პარტნიორად განიხილავდნენ, დადუმდნენ. ყველამ დაინახა, რომ 2008 წელს საქართველოში ხოლო 2014 წელს უკრაინაში სამხედრო შეჭრა არა მსხვერპლთა, არამედ აგრესორის ბრალია და ერთი დიდი პრობლემის ორი გამოვლინება. დღეს რუსეთს აღარავინ განიხილავს რთულ პარტნიორად.

სწორედ ამის გათვალისწინებით, როცა 28 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან მივალთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს საქართველოს აგრესორობაში მხოლოდ ორი მთავრობა დებს ბრალს: რუსეთის და ქართული ოცნების მთავრობა, ივანიშვილ-ზურაბიშვილიანად.

კომენტარები