არჩევნები 2018

​ბაქრაძე: ივანიშვილის განცხადებები არის პასუხი კითხვაზე - რატომ არ უნდა მივცეთ ხმა "ოცნებას"

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე - რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა "ქართულ ოცნებას" და მის მხარდაჭერილ კანდიდატს.

"გუშინ მოვისმინეთ ქართული ოცნების და ჩვენი სახელმწიფოს მმართველის ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობის პროცესი, რომ თურმე ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად და უბრალოდ, ადამიანები ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ მათ ჟურნალისტები ეუბნებიან, რომ ყველაფერი არის ცუდად. თურმე, ჩვენ რომ ერთი დღე სახლში ტელევიზორი გამოვრთოთ და გარეთ გამოვიხედოთ, დოლარი გახდება ორ ლარზე ნაკლები, გავიგონებთ ქართული ოცნების მიერ გახსნილი, აგუგუნებული ქარხნების ხმას, დავინახავთ სახლში გავსებულ საკუთარ მაცივარს და ვიგრძნობთ, რომ ვცხოვრობთ აშენებულ და აღმშენებლობის ქვეშ მყოფ ქვეყანაში", - აღნიშნავს ბაქრაძე.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ტრაგიკული რომ არ იყოს და ქვეყანაში მცხოვრებ ასეულობით ათასი ოჯახის ბედს რომ არ ეხებოდეს.

"ასეულობით ათასი ოჯახის ბედს, რომლებიც 2012 წელს ბატონი ივანიშვილისგან და ქართული ოცნებისგან ელოდებოდა ცხოვრების გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილს და დასაქმებას, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს და იაფ ფულს, ელოდებოდა იმას, რომ ქვეყანას ეყოლებოდა მთავრობა, რომელიც გაიგებდა მათ გაჭირვებას და დაეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში. ამის მაგივრად, 6 წლის თავზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს, აღარ ესმის და ვეღარ იგებს ადამიანების პრობლემას და გაჭირვებას, რომელსაც ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად, მიმდინარეობს აღმშენებლობა და თუ რამე უშლის ხელს ხალხს, რომ ეს აღმშენებლობა დააფასოს, თურმე ეს არიან ჟურნალისტები, არასამთავრობოები და პოლიტიკური ოპოზიცია", - ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი.

დავით ბაქრაძე ასევე აღნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების ტრაგიკული სურათი, რომელსაც ხალხის პრობლემა აღარ ესმის და მოსახლეობას შეუძლია არჩევნებზე ამას წერტილი დაუსვას.

"იმ ჯადოსნური 4 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ამჯერად უნდა ველოდოთ ჯადოსნურ ერთ წელს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ 4 წელიწადში ხალხს პირდებოდნენ უკეთესობას, ხოლო ამ ერთ წელიწადში ამოცანა იქნება უბრალოდ ოპონენტების გაჩუმება, რომ მოსახლეობას ხელი აღარ შეუშალონ იმის აღქმაში, რამდენად კარგად ვცხოვრობთ თურმე ჩვენ დღეს საქართველოში. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, მაგრამ არის ტრაგიკული სურათი საქართველოსი, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემა და რომელიც ვერაფერს სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას სამომავლოდ. როდესაც ხელისუფლება მიდის აქამდე, არსებობს ერთდერთი გზა - არჩევნები. ვფიქრობ, თუ რამეში გაგვიმართლა ქართველებს, გაგვიმართლა იმაში, რომ ოთხ დღეში გვაქვს არჩევნები, როცა შეგვიძლია ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი", - თქვა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 23 ოქტომბერს თქვა, რომ "რუსთავი 2 რომ გამორთოთ, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ". გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის ყველას შურს.

კომენტარები