რუსეთის რბილი ძალა

ბურჯანაძის სტატია რია ნოვოსტიზე: ამ მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაალაგა

რია ნოვოსტი

ნინო ბურჯანაძემ რუსულ სამთავრობო მედიაზე, რია ნოვოსტიზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სტატია გამოაქვეყნა

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, რომელიც პრორუსული განწყობებით გამოირჩევა, მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს, მოქმედ და წინა ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის ვერ დარეგულირების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "საქართველო სულ სხვა ქვეყანა იქნება". 

ბურჯანაძე წერს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების კვლევის შედეგების შესახებ, რომლებიც გასულ კვირებში გამოქვეყნდა და რომელთა მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ იმ პარტიის კანდიდატი იმარჯვებს, ვინც კვლევა დაუკვეთა. დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს საქართველოში არსებულ არასტაბილურობასა და არჩევნების შემდეგ პროცესების "ფეთქებადობაზე" მიუთითებს.

ბურჯანაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილის სისტემა შეუქცევადად ირღვევა. ამის მაგალითად მას ბოლოდროინდელი ამბები მოჰყავს: პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის დაკავება მარიხუანის ლეგალიზაციის ფესტივალზე, რუსთავში აფეთქებას, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაშავდა, ექს-მინისტრს სარდაფში ცემა და სხვა. 

პრორუსი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას აკონტროლებს, არამედ სააკშვილის ნაციონალური მოძრაობიდან წამოსულებს და "პატრიოტებსაც". ბურჯანაძის შეფასებით, ასეთი კონტროლი, ზოგიერთების აზრით, პატარა ქვეყნისთვის იდეალურად მიიჩნევა, თუმცა, ამან შესაძლოა ქვეყანა საერთო კოლაფსამდე მიიყვანოს. 

ბურჯანაძე ყვება ომეგა ჯგუფის საქმესა და ფარულ აუდიოჩანაწერებზე, ამბობს, რომ ქვეყანაში მაფიოზური გარჩევებია და მოქალაქეები არსებული პოლიტიკური სისტემის ნდობას კარგავენ. 

მისი აზრით, სწორედ ამიტომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ისტორიული მომენტი, რომელის შედეგადაც ძალაუფლების სისტემა არააქტუალური გახდება. 

"ადამიანები კითხულობენ, რა კეთდება ეკონომიკური ზრდისთვის? ქართული კულტურის განვითარებისთვის? მათ ივანიშვილს ხმა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების პროცესის აქტუალიზაციისთვის მისცეს, ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შემდგომი შესრულებისთვის.

მაგრამ რას ხედავენ მოქალაქეები? მოვალეობის შეუსრულებლობას ყველა პუნქტში. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების დაპირება საფრთხე შეექმნა აშშ-სა და დასავლეთში განთავსებული ფულის გამო. გვესმის ცარიელი და მავნებლური საუბრები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს ხელისუფლება არც კი ეცადა, მოსკოვთან დიალოგი დაეწყო. რუსეთის პრეზიდენტის წინადადება უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების შესახებ იგნორირებულია. 

ჩვენი მოძრაობა არ ჩაერთო საპრეზიდენტო არჩევნების ფარსში. თუმცა, 2020 წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ის დაჩქარებული წესითაც გაიმართოს 2019-ში. არჩევნების შემდეგ საქართველო სხვა ქვეყანა იქნება. აუცილებელ ცვლილებებს ვერსად გავექცევით.  

საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც არ დაუშვებს, მიხეილ სააკაშვილმა დაბრუნებით მუდმივად აშანტაჟოს, ძალა, რომელიც რეალურად შეძლებს ქვეყნის სააკაშვილის აჩრდილისგან გათავისუფლებას, ამასთან, გაათვისუფლებს ქვეყანას ოლიგარქ ივანიშვილისგან. ეს იქნება ძალა, რომელიც გადადგამს რადიკალურ ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის", - წერს ბურჯანაძე. 

ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2001-დან 2008 წლის 7 ივნისის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ახლა, როგორც აღვნიშნეთ, პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მისი ერთ-ერთი დაპირება საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრა იყო, რაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმას გულისხმობს.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების სპეცალისტებმა ეს ინიციატივა მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს. 

ფაქტჩექის განცხადებით, "ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე პრეცედენტები გვიჩვენებს, რომ რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გზაზე, მეზობელი სახელმწიფოების უბლოკო სტატუსი შემაკავაბელი ფაქტორი არ არის. საქართველოს 1993-2002 წლებში დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გაცხადებული გეგმა არ ჰქონდა, მეტიც, ის ყველა იმ ორგანიზაციის წევრი იყო, სადაც დომინანტური პოზიცია მოსკოვს ეჭირა. თუმცა, ამ პერიოდში რაიმე პროგრესი კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი სეპარატისტული რეჟიმების მხრიდან წინააღმდეგობის მიზეზით, არ ყოფილა". 

ნინო ბურჯანაძე რამდენჯერმე პირადად შეხვდა ვლადიმირ პუტინს. რამდენიმე კვირის წინ კი ის რუსეთის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ქალთა ფორუმზეც იმყოფებოდა. 

2018 წლის მარტში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბურჯანაძემ თქვა, რომ "პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია". 

კომენტარები