ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ბურჭულაძე: ივანიშვილი პრეზიდენტობასა და სანაცვლოდ 10 მილიონს მთავაზობდა

pia.ge

"ფონდ იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. მან დაადასტურა, რომ 2012 წელს იგი ნამდვილად შეხვდა ყოფილ პრემიერს. ბურჭულაძის თქმით, სწორედ ამ შეხვედრისას შესთავაზა ივანიშვილმა მას პრეზიდენტობა, დათანხმების შემთხვევაში კი - 10 მილიონ ლარს სთავაზობდა.

"იყო შემოთავაზება, რომ პრეზიდენტი მე ვყოფილიყავი, პრემიერმინისტრი ყოფილიყო თვითონ. თანხა თვითონ დაასახელა, 10 მილიონ ლარზე იყო საუბარი" - ამბობს ბურჭულაძე.

გუშინ, სამი ტელევიზიის ჟურნალისთან შეხვედრისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. ყოფილი პრემიერის თქმით, ბურჭულაძე თანახმა იყო გაკვეეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მის შეთავაზებას დათანხმებულიყო, რაც ქართული ოცნების მხარდაჭერასა და პოლიტიკაში მოსვლას გულისხმობდა.

"მას შევხვდი და მართლაც შევთავაზე ქართული ოცნების მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მიპასუხა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს. მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მლნ. დოლარი, ნახევრად ხუმრობით გადავუანგარიშე. დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღო-თქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. მეორე დღეს, მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშს - 2 მილიონს ხომ გვაძლევ, აი, გადაიხადე. მე ვუთხარი, რომ არა, ეს არ მითქვამს, შეფასებაში ვიყავით-თქო" - ამბობს ივანიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება 2017 წლის 20 სექტემბერს დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადება, რომლის მიხედვითაც, "იავნანას" ხელმძღვანელმა პირებმა, შესაძლოა, საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხები არამიზნობრივად დახარჯეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.

კომენტარები