არჩევნები 2018

ბახტაძე: "ნუ კეკულუცობენ" ეხებოდა გუნდის წევრებს, თუ ვინმე არჩევანში ჩამოყალიბებული არ არის

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება გუნდის წევრების მიმართ, რომ "ნუ კეკლუცობენ" და მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, "ქართული ოცნების" იმ წევრებს ეხებოდა, ვინც საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბებული არ არის.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, თუ რომელიმე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის მესიჯი სწორედ მათ ეხებოდათ", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, მან განმარტა, რატომ უჭერს მხარს "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის. მისი თქმით, მმართველ გუნდს პრეზიდენტად ზეპარტიული ფიგურა წარმოუდგენია.

"დღეს "ქართული ოცნება" წარმოდგენილია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ისევე როგორც წარმოდგენილია უმრავლესობით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. მაგრამ, ამავე დროს ჩვენ, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია სწორედ ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი იმ შემთხვევაში, იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება", - აღნიშნა ბახტაძემ.

სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ მიზეზებს შორის პრემიერმინისტრმა დაასახელა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაც.

"ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია ის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ ქართველ ერთან ერთად, ეს გახლავთ საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. სწორედ ამ ამოცანებიდან, ამ მიზნებიდან და რაც მთავარია, ამ ფილოსოფიიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მესიჯიც ეკუთვნოდა სწორედ იმ ადამიანებს, თუ ასეთები ჯერ კიდევ არიან და არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ პოზიციაში, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ნიშნავს სწორედ ამ მიზნების და ფასეულობების მხარდაჭერას", - თქვა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა გუნდის წევრებს მოუწოდა, "ნუ კეკლუცობენ" და "კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ".

კომენტარები