საუდის არაბეთი

მუჰამედ ბინ სალმანი: ჟურნალისტის მკვლელობა საზარელი დანაშაულია, დამნაშავეები დაისჯებიან

ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრე სალმან ბინ ჰამად ალ ხალიფა, ლიბანის პრემიერმინისტრი საად ჰარირი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი ერ-რიადში ინვერსიტების ფორუმზე
Dubai Media Office

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ერ-რიადში ინვერსტირების ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პირველად ისაუბრა.

პრინცმა ხაშოგის მკვლელობას საზარელი დანაშაული უწოდა, რომელსაც გამართლება არ აქვს და თქვა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

მუჰამედ ბინ სალმანის თქმით საუდის არაბეთის ევრონული უსაფრთხოების სააგენტოებში რესტრუქტურიზაცია მოხდება და სამეფო თურქეთთან ერთად გამოძიებაზე თანამშრომლობას გააგრძელებს. მისი თქმით საუდის არაბეთსა და თურქეთს უნიკალური ურთიერთობა აქვთ:

"ინციდენტი ყველა საუდელისათვის ძალიან მტკივნეულია და გაუმართლებელია... ისინი ვერ დაგვყოფენ სანამ გვყავს მეფე სახელად სალმან ბინ აბდულაზიზი, ტახტის მემკვიდრე სახელად მუჰამედ ბინ სალმანი და თურქეთის პრეზიდენტი სახელად ერდოღანი." თქვა მან.

მუჰამედ ბინ სალმანთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა ლიბანის პრემიერმინისტრი საად ჰარირიც.

ჰარირიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გასული წლის 3 ნოემბერს სწორედ საუდის არაბეთიდან გააკეთა, თუმცა შემდეგ ლიბანში დაბრუნდა და თანამდებობა კვლავ დაიკავა.

"საად ჰარირი აქ კიდევ ორ დღეს დარჩება. არავის ათქმევინოთ, რომ ის მოიტაცეს." იხუმრა მუჰამედ ბინ სალმანმა.

ჟურნალისტის მკვლელობის გამო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობაზე უარი თქვეს მსოფლიო ბანკის დირექტორმა, Google-მა, JP Morgan-მა, Ford-მა, Uber-მა და სხვა კომპანიების წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში გამოსვლისას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საუბრისას თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთმა ხაშოგის მკვლელობა აღიარა და 18 ადამიანი დაიჭირა, მათ შორის 15 ის პირები არიან, ვინც თურქეთმა ჩანაწერებში ამოიცნო.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით ახლა გამოსაძიებელია, თუ ვისი ბრძანებით იყო 15 კაციანი ჯგუფი სტამბოლში, რატომ არ შეუშვეს საკონსულოში გამომძიებლები დაუყოვნებლივ,რატომ გაავრცელა საუდის არაბეთმა სხვადასხვა შინაარსის განმარტებები და ვინ არიანადგილობრივი შეთქმულები, ვინც მათ ხაშოგის გვამის თავიდან მოშორებაში დაეხმარა.

ერდოღანის მტკიცებით თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ სამხილები, რომლის მიხედვითაც მკვლელობა დაგეგმილი იყო და ვინაიდან ის თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა და ხაშოგი საერთაშორისოდ ცნობილი ჟურნალისტია, საერთაშორისო საკითხს წარმოადგენს, რომელსაც თურქეთი ბოლომდე მიჰყვება. მან საუდის არაბეთს ისიც შესთავაზა, რომ დაკავებულები თურქეთში გაასამართლოს, რადგან მკვლელობა მის მიწაზე მოხდა.

"ეჭვი არ მეპარება მეფე სალმანის გულწრფელობაში. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. ეს პოლიტიკური მკვლელობაა." თქვა ერდოღანმა. მას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი არ უხსენებია.

ტრამპმა Wall Street Journal-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, თქვა, რომ მისი აზრით მეფე სალმანმა მკვლელობის შესახებ არ იცოდა. შეკითხვაზე ფიქრობს თუ არა იმავეს საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეზე, პრინც მუჰამედ ბინ სალმანზე ტრამპმა უპასუხა:

"პრინცი უფრო განაგებს საკითხებს იქ ამ ეტაპზე. ის განაგებს საკითხებს და თუ ვინმე იქნებოდა, ის იქნებოდა." თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე თქვა, რომ მუჰამედ ბინ სალმანს ჰკითხა ხაშოგის მკვლელობის შესახებ და პასუხად მიიღო, რომ მან ოპერაციის შესახებ არაფერი იცოდა. შეკითხვაზე სჯერა თუ არა საუდის არაბეთის მმართველი ოჯახის წევრების ტრამპმა უპასუხა:

"მინდა რომ მჯეროდეს. მართლა მინდა, რომ მჯეროდეს."

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები