საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო: ავღანეთში ხმის მიცემის შედეგები 28 ოქტომბრამდე ცნობილი ვერ იქნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ავღანეთში  ქართულ საჯარისო კონტიგენტში ჩატარებულ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

"ახლახან შემატყობინეს ავღანეთში ჩატარებულ ქართულ საჯარისო კონტიგენტიდან-იქ უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ . ყველაზე მაგარი ქართველები მაგალითს აძლევენ დანარჩენ საქართველოს! ამბავი კი ისეთია,რომ გადამდები იქნება. ქართულ ჯარს გაუმარჯოს." - წერს ყოფილი პრეზიდენტი. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მიერ მიცემული ხმის შედეგების გაგება 28 ოქტომბრამდე შეუძლებელია, რადგან დალუქული ყუთები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურება. 

"ყველა დოკუმენტაცია, ბიულეტენებიანი კონვერტები იქნება დალუქული, გამოიგზავნება საქართველოში და დათვლა მოხდება ცენტრალურ საარჩევნო კომისისაში 28 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები მთელი საქართველოს მასშტაბით. მხოლოდ 28 ოქტომბერს 8 საათის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელმა კანდიდატმა რა რაოდენობის ხმა მიიღო. მანამდე შედეგები ცნობილი ვერანაირად ვერ იქნება." - ამბობს ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე ტაბულასთან საუბრისას.

ავღანეთში ხმის მიცემა დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 8 საათამდე გრძელდება, თუმცა, თუ მანამდე კენჭისყრაში მონაწილეობას დარეგისტრირებული 875-ივე ადამიანი მიიღებს, პროცედურა უფრო ადრე დასრულდება. 

ცესკოში ამ ეტაპზე ვერ გვითხრეს, დასრულდა თუ არა ხმის მიცემის პროცედურა. მიხეილ სააკაშვილის ხსენებული პოსტის გამოქვეყნების დროს ავღანეთში დაახლოებით დღის 2 საათი იყო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები