ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ფარცხალაძის შემოსავლებზე: კითხვებს ტოვებს, დაველოდოთ გამოძიებას

კვირის 2030

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის შემოსავლებთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს, მაგრამ გამოძიებას უნდა დაველოდოთ.

"როდესაც კითხვები რჩება მისი ადვოკატის გამოსვლის შემდგომაც და მათ რიცხვში მეც მაქვს კითხვები. არ იყო სარწმუნო ის, რაც წავიკითხე, რომ ეს ფული აქედან გააკეთა, არ არის ეს ჩემთვისაც სარწმუნო... როდესაც დგება რაღაც საწარმოს მშენებლობა და ორი მხარე ახერხებს შეთანხმებას, მაგრამ თუ ასეთიდანაც ფული აიღო, ესეც არ მომეწონებოდა მე, მისი წარსულიდან გამომდინარე, რომ ის მაღალი თანამდებობის პირი იყო. შეიძლება ბიზნესს არ დაელოდო, როდესაც ხდება ხელშეკრულების დადება და ძალიან ხშირად ხდება, რომ შუამავალი ორგანიზაციები, ეს მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში, ორ ბიზნესმენს, სახელმწიფოს და ბიზნესმენს აერთებენ, ხდება უკვე ხელმოწერა კონტრაქტის და მათ თავისი წილი ამ კონტრაქტიდან თუ ამ ზდელკიდან (უკაცრავად, სიტყვა მაინც რუსული წამომცდა, ვერიდებოდი) შეუძლიათ აიღონ წინასწარ. თუმცა ასეთ როლშიც და ასეთი აღებული ფულიც ფარცხალაძეს ჩემში პირადად გამოიწვევდა დიდ ეჭვს და უნდოობას. არ ვიცი, შვილებს გეფიცებით, თუ ამაზე მეტი ვიცოდე ამ თემიდან, მაგრამ ის რაც გააკეთა და ზედაპირულად რასაც ეცადა ადვოკატი, კითხვებს ტოვებს", - თქვა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებიდან არავინ შეეცდება ფარცხალაძეს ხელი დააფაროს.

"არ იფიქროთ, რომ ჩემი ან დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ვინმე შეეცდება ვინმეს ხელი დააფაროს. ასევეა პასუხი ნებისმიერ ჩინოვნიკზე. დამეხმარეთ ჟურნალისტები, დაეხმარეთ დღევანდელ მაკონტროლებელ ორგანოებს, გარწმუნებთ, არავის ხელის დაფარების მცდელობაც კი არ იქნება", - თქვა ექსპრემიერმა.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საქმეებს უცხოელი პროკურორები იძიებენ და მათ შორის ერთ-ერთმა ისრაელის პრემიერი და პრეზიდენტიც მისცა პასუხისგებაში

"რამდენიმე პროკურორია ესეთი, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი თავისი პრინციპულობით.ერთ-ერთ მათგანს დაგისახელებთ, გვარი არ მახსოვს, რომელმაც მოახერხა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერიც და პრეზიდენტიც მიეცა პასუხისგებაში", - ამბობს ივანიშვილი.

მისივე თქმით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ მახვილი მზერა, რომ არაფერი გამოეპაროთ და ფარცხალაძესთან კითხვებიც ლოგიკურია, ოღონდ მას "დამახინჯებული ბრალდებები" უნდა მოვხსნათ. 

"დამატებით რასაც გაზვიდებულად ცდილობს ოპოზიცია, რომ ის ჩემთან კოორდინირდება და სარდაფში ხალხი დაყავს და აუპატიურებს და გაუპატიურებით ცდილობს... ის, რაც ეცადნენ ჩანაწერებში და რაც სიმართლეს  არ შეეფერება, ამით ნუ დავამძიმებთ", - აღნიშნავს ის.

"დამახინჯებულ ბრალდებებს" შორის ივანიშვილი ასახელებს ყოფილი პროკურორის მიერ აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ცემასაც. მისი თქმით, ლაშა თორდია მთვრალ მდგომარეობაში იყო.

"ძალიან ხშირად მახსენებენ, პირად შეხვედრებში განსაკუთრებით, ე.წ. სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როდესაც ინციდენტი მოხდა რესტორანში ჩხუბის, გაიხსენეთ, აუდიტის თავმჯდომარე თორდია და ფარცხალაძე. იქ მე კითხვას ვუსვამ პირიქით, რაზეც პასუხი არ აქვთ - რომ თორდია მაშინ ასრულებდა მოვალეობას, ის იყო აუდიტის სამსახურის უფროსი, იყო მთვრალ მდგომარეობაში და არანაკლებ აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე ფარცხალაძე და ეს საქმე დღემდე ბოლომდე გარჩეული არ არის. აქ ცალმხრივად ფხიზელ ფარცხალაძემ მთვრალ თორდიას როგორ აუტეხა დებოში, ამაშიც მე არ ვეთანხმები", - ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ გამოძიება ამ ნაწილშიც არ არის დასრულებული.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ისაუბრა ოთარ ფარცხალაძის კომპანიაზეც, სადაც საუბარია სხვადასხვა საეჭვო გარემოებაზე და აღნიშნულია, რომ მერიაში აუქციონი ჩატარდა ისე, რომ გამარჯვებული ოთარ ფარცხალაძე ყოფილიყო.

"მე ​ერთადერთ თემაში ვიყავი ძალიან აქტიური, როდესაც მერიასთან, თუ გახსოვსთ, მე თვითონ მაქვს ყველა საბუთი ნანახი, მე თვითონ გავარჩიე, არ მაქვს კითხვები, აქვე გეუბნებით. ახლა მე არ მაქვს საბუთები წამოღებული, მერიას არავითარი მასზე ლობირება არ გაუკეთებია და მისთვის შეღავათი არ მიუცია, პირიქით უფრო დგას კითხვის ნიშანი, რომ იმაზე მეტი გადაიხადა, რაც საბაზრო იყო. ამაზე მე ვაგებ პასუხს. მე დოკუმენტები ახლა არა მაქვს. თუ გნებავთ, ჟურნალისტებმა იაქტიურეთ. ოდესღაც, როდესაც გამოძიება დასრულდება და საბუთები დაიდება ფარცხალაძეზე, მე დაგესწრებით, მოვაგროვოთ ყველა საბუთი და გავარჩიოთ საჯაროდ. აი ამას გპირდებით. მანამ, სანამ გამოძიება მიდის, ელემენტარული პატივი ვცეთ სახელმწიფოს", - თქვა ექსპრემიერმა.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ თუ გამოძიების შემდეგ კითხვის ნიშნები დარჩება, ის იქნება პირველი, ვინც სიმკაცრეს მოითხოვს

"თუ დარღვევები არის და აისახება და ვერ ასაბუთებს ის თავის ქონებას, გარწმუნებთ რომ მე ვიქნები ლიდერებში, ვინც მოითხოვს და ვინც გაამაგრებს თვისი გამოსვლებით სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მან ისევე აგოს პასუხი თავის ქმედებებზე, როგორც ნებისმიერმა მოქალაქემ. და თუ ეს ესე არ არის, უდანაშაულობის პრეზუმფცია გამოვიყენოთ", - ამბობს ივანიშვილი.

ექსპრემიერის თქმითვე, აბსოლუტურად ეთანხმება კითხვებს თანამდებობის პირებთან მიმართებაში, მაგრამ არ ეთანხმება იმ ფორმას, როგორც ეს რუსთავი 2-მა გააშუქა. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ნახოს რომელიმე ჩინოვნიკის დოსიე და უპასუხოს კითხვებს მის შემოსავლებზე, რადგან ჟურნალისტმა ჯერ უნდა "მოითაოს" რესპოდენტი, დაუსვას კითხვები და მოისმინოს პასუხები.

"ნებისმიერი თანამდებობის პირი ექვემდებარება ესეთ კონტროლს, ყველა ჟურნალისტს აქვს არათუ უფლება, ვალდებულება აქვს ძალიან გამჭვირვალედ უყუროს და შეამოწმოს ყველა თანამდებობის პირი, ყველა ჩინოვნიკი, რომ მან საზოგადოებას არაფერი არ მოჰპაროს და მოატყუოს, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად და არა ისე, როგორც გააკეთა რუსთავი 2-მა. რუსთავი 2-მა გააკეთა ისე, როგორც არ უნდა გააკეთო და პირიქით ხელი შეუწყო და წაათამამა თუ გნებავთ კორუფციაში, თუ ჩინოვნიკებს ვინმეს აქვს ამაზე მიდრეკილება. ასე გაკეთება არ შეიძლება, მე არ შემიძლია თქვენ ეხლა გიპასუხოთ. [...] თქვენ უნდა ჯერ თქვენი გამოსვლით, საჯაროდ, არგუმენტებით დაასაბუთოთ, უნდა აჩვენოთ, რომ მას პასუხი არ აქვს. დეკლარაცია სესიაშვილის წაკითხული არ ჰქონდათ, სესიაშვილი, რომელიც ჩართეს, სტუდიაშიც არ მიიყვანეს, იქიდან ანიშნებდა, ეს გვერდი გადაშალე, იქ წერია ეს თანხაო, იმ ჟურნალისტს, ვინც ეს გააკეთა, თუ მიაქციეთ ყურადღება. ესე არ უნდა იყოს, ჯერ უნდა მოითაოთ რესპონდენტი, მას კითხვები უნდა დაუსვათ, მისგან პასუხები უნდა მოისმინოთ და თუ კითხვები რჩება...", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები