ზაზა სარალიძის დაკავება

დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან სარალიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ფორტუნა

დღეს, 19:00 საათზე, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება.

"იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს!

ზაზა სარალიძეს 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე.

ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე! 
ნუ იქნება სულ ერთი!

მოდი დღეს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან და დაუჭირე მხარი მამას, რომელიც სისტემის უსამართლობის და არაადამიანურობის მსხვერპლი გახდა,"- წერენ აქციის ორგანიზატორები.

2017 წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ". შსს აცხადებს, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა".

კომენტარები