ზაზა სარალიძის დაკავება

NGO-ები სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასა და შს მინისტრს მიმართავენ

ნეტგაზეთი

არასამთავრობო ორგანიზაციები ზაზა სარალიძის დაკავებას ეხმაურებიან.

მათი თქმით, პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციების დროს შსს-მ არაერთხელ დაარღვია კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ. სწორედ ეს გახდა დღევანდელი ინციდენტის მიზეზი. არასამთავროების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს.

NGO-ების ცნობით, საგამოძიებო უწყებების მიერ, დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიან პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლის შსს. ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღდგეს სამართლიანობა.

"ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე , გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ.

რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს. წვიმიან დღეს, პოლიციის მხრიდან კარვის გაშლისთვის კიდევ ერთხელ ხელშეშლა, ზაზა სარალიძის მიმართ უკანონო და ანტიჰუმანური მოქმედების ნათელი დემონსტრირება იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში.

ასევე, გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც ზაზა სარალიძის მიერ კანონდარღვევის საფუძველი გახდა, სისხლის სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში.

NGO-ები შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართავენ და მოითხოვენ შეიცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვებისა და სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვა.

განცხადებას ხელს აწერენ:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

თანასწორობის მოძრაობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ცენტრი „ემპათია

კავშირი საფარი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

(GCRT)

ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, პოლიციელებმა კი მას ამის საშუალება არ მისცეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, "რუსთაველის გამზირზე, ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ". შსს აცხადებს, რომ "ზაზა სარალიძემ პოლიციელთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში განაგრძო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პოლიციისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად მივიდა".

კომენტარები