რუსული ოკუპაცია

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრე არ არის

ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი წინაპრებზე ხშირად აპელირებს. მას მე-20 საუკუნის ემიგრაციის და 100 წლის წინ დაარსებული საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობაზე ხმამაღალი პრეტენზია აქვს. თუმცა ძალიან მარტივი შედარება გვაჩვენებს, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იდეების მემკვიდრეობაზე მისი პრეტენზია სრულიად უსაფუძვლო, ხშირ შემთხვევაში კი, პირველი რესპუბლიკის შეურაცხმყოფელია.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის წინაპრები საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის დროს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში - ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მოღვაწეობდნენ. მიუხედავად ეპოქების განსხვავებულობისა, მათი და სალომე ზურაბიშვილის, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შედარება არც თუ ისე რთულია.

პირველ რესპუბლიკასა და ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს შორის, ცხადია, ძალიან ბევრი სხვაობაა, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი საერთო - როგორც პირველი რესპუბლიკის, ასევე ვარდების რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მოსული ძალები ქვეყნის დასავლური ცივილიზაციისკენ წასაყვანად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ცდილობნენ, რასაც რუსეთი ქვეყნის შიგნით ძირგამომთხრელ საქმიანობას და ქვეყნის გარედან სამხედრო აგრესიას უპირისპირებდა.

მიუხედავად უმწვავესი ოპონირების და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის კრიტიკისა, რაზეც დამფუძნებელი კრების სტენოგრამა და იმდროინდელი გაზეთები ნათლად მეტყველებს, სალომე ზურაბიშვილის დიდი ბაბუა ნიკო ნიკოლაძე, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან პარლამენტის წევრი, და ბაბუა ივანე ზურაბიშვილი, როგორც ამავე პარტიის აქტიური წევრი, პირველი რესპუბლიკის მთავრობასთან მთელ რიგ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობდნენ. მაგალითად, მთავრობის მანდატით აღჭურვილი ნიკო ნიკოლაძე არაერთხელ ჩავიდა ევროპაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებსა და საგარეო პოლიტიკაზე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური კორპუსის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. მაშინდელი მთავრობა თითქმის არც ერთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებას ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე არ წარმართავდა. ოპოზიციის რიგებიდან იყო პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. საგარეო საქმეთა სამინისტროში უდიდესი გავლენით სარგებლობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ზურაბ ავალიშვილი.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებს არასდროს არ ჩაუდენიათ ან უთქვამთ რამე, რასაც საბჭოთა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებდა. მაგალითად, როცა მე-11 და მე-9 არმიებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვრები 1921 წლის 11 თებერვალს და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, ოპოზიციის ლიდერებს არ უთქვამთ, რომ ეს იყო „შეცდომა“ ან „დანაშაული". საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის ბრძანების გაცემისთვის ნოე ჟორდანიაზე თავდასხმა აზრადაც არავის მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომი, ერთთვიანი წინააღმდეგობისა და კოლოსალური მსხვერპლის მიუხედავად, უდიდესი ტრაგედიით, საქართველოს სრული ოკუპაციით დასრულდა.

ჩვენ არ ვიცით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი (და იმედია, არც არასდროს გავიგებთ) მაგრამ კარგად ვიცით, როგორ იქცეოდა თანაზომად სიტუაციაში 2008 წელს, როგორც ოპოზიციური პოლიტიკოსი. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის საპასუხოდ გახსნილ ცეცხლს, მან უკვე 9 აგვისტოს "საკუთარი მოქალაქეების დაბომბვა“ უწოდა. 2009 წელს გამოსულ წიგნში კი, საქართველო აგრესორობაში დაადანაშაულა, რასაც რუსეთის ფედერაცია ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში საქართველოს საზღვრების შესაცვლელად არგუმენტის სახით იყენებს. 2007 წელს კი, როცა რუსულმა სუ 24-მა გორთან რადარსაწინაღმდეგო ბომბი ჩამოაგდო (რომელიც არ აფეთქდა) ასევე თქვა, რომ ინციდენტის ინსცენირება შეიძლება თვითონ საქართველომ მოახდინა.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, ენერგიულ ოპონირებას უწევდა მთავრობას და რეალურ საპარლამენტო კონტროლსაც ახორციელებდა მასზე. 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი სალომე ზურაბიშვილმა, როგორც მაშინდელი ოპოზიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, უარი განაცხადა საკუთარი ამომრჩევლები პარლამენტში წარმოედგინა და მანდატი დახია. მეტიც, 2009 წელს იგი შეურთდა ცნობილ "საკნების“ აქციას და ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიალოგი "ეშმაკის ენად“ გამოაცხადა. მან ასევე უარი განაცხადა დავით ბაქრაძის საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად მაინც შესულიყო პარლამენტში და შეესრულებინა ამომრჩევლების მიერ მასზე დაკისრებული საპარლამენტო ოპოზიციის როლი.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ხმალამოღებული მხარდამჭერი იყო. იგი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის მცდელობებს, ბრიტანეთის ჯარების საქართველოში დარჩენისთვის მიეღწია. 2017 წელს საქართველოში გამართული ნატოს სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ კი, სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა და განაცხადა, "ამერიკული სამხედრო მძიმე ტექნიკის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნით რა ხეირს ვნახულობთ, ვერ გავიგეო".

და ბოლოს, ცალკე აღნიშვნის ღირსია სალომე ზურაბიშვილის მეორე ბაბუა მექი კედია, რომელიც ასევე ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან დაახლოებული პირი იყო და რომელიც მაშინდელ უშიშროების სამსახურს - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმს ხელმძღვანელობდა (ეს იგივეა, სუს-ი რომ ახლა ჩვენ ჩაგვაბაროს მთავრობამ - დიახ, განვითარების ასეთ დონეზე იდგა ჩვენი პირველი რესპუბლიკა).

მექი კედია საბჭოთა რუსეთის აგენტების მიმართ უკომპრომისო და ეფექტიანი მებრძოლი იყო, მათ იმართ ხშირად მიმართავდა ყველაზე მკაცრ ზომებს (მათ შორის სიკვდილით დასჯას). მან წარმატებით აღკვეთა და/ან ჩაახშო საბჭოთა რუსეთის აგენტების მიერ ქვეყნის შიგნიდან აფეთქების არაერთი მცდელობა. ჯაშუშობის ბრალდებით, მექი კედიას სამსახურმა, რომელიც ბოლშევიკებს შიშის ზარს სცემდა, ასობით ადამიანი, მათ შორის ლავრენტი ბერია დააპატიმრა (იგი საქართველოდან 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გააძევეს). სწორედ ამიტომ, 1920 წლის ბოლოს რუსეთის ელჩის კიროვის მიერ მოსკოვში გაგზავნილ  და 1990-იან წლებში გამოქვეყნებულ დაშიფრულ დეპეშებში პირდაპირ წერია, რომ სამხედრო ინტერვენციის გარეშე საქართველოს "გაწითლება" არ მოხდებოდა. დღეს კი, მისი შვილიშვილი საბჭოთა ინტელიგენციასთან თუ ცეკას ინსტრუქტორებთან, ადამიანებთან, რომლებიც შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ კომუნისტური პარტიის მანდატებით იბრძოდნენ, ხელიხელჩაკიდებული დგას. მის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გასაიოლებლად ღიად პრორუსულმა, მოღალატეებით სავსე პარტიებმა კანდიდატები არ დააყენეს.

სირცხვილია.

P.S გარდა ამ ყველაფრისა, სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ გამოუვლენია საკუთრივ პირველი რესპუბლიკის ისტორიის უცოდინრობა. მაგალითად, 2013 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ 1920 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა. არადა ამ ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავად თქვა უარი სოჭზე (რომელიც მანამდე რვა თვის განმავლობაში ეკავა), რადგან 1919 წელს გენერალ მაზნიაშვილის დენიკინის წინააღმდეგ ტრიუმფალური კონტრიერიშის შედეგად დაკავებული მდინარე ფსოუ (რომელიც არაფრის საზღვარი მანამდე არასოდეს ყოფილა) რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბევრად უფრო ხელსაყრელ თავდაცვის ზღუდედ მიიჩნია. იმიტომ, რომ სწორედ ამ ადგილას, მთა ყველაზე ახლოს მიდიოდა ზღვასთან.

კომენტარები