არჩევნები 2018

ცესკო: 10:00 საათისთვის აქტივობა 6.15%-ია

იმედი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 6,15%-ს შეადგენს. 

ანა მიქელაძის თქმით, ეს 215 329 ამომრჩეველია. 

ცესკოს პრესსპიკერმა მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ:

  • „ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ;
  • მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარული ყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს;
  • დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის ფარგლებში, შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას ამ ფაქტებზე. მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს;
  • ცესკოში ასევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია "აპრიორიდან" და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში აღნიშნული დაფიქსირდა ნაძალადევის N49-ე უბანზე; ორივე მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი; ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერის დამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო-გადაღების წესის შესახებ და ფოტო-ვიდეო-გადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში შესაბამისი წესით“,- თქვა ანა მიქელაძემ.

მოქალაქეებს ცესკოსთვის დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ ნომერზე 2 51 00 51 დარეკვით, ასევე ონლაინ ჩატის მეშვეობით. 

ამომრჩეველთა აქტივობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის 6.8% იყო. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 - 8.34 % იყო. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე დროს - 6.74%. 

კომენტარები