არჩევნები 2018

ISFED: შემაშფოთებელია პარტიული აქტივისტების და ე.წ კოორდინატორების მობილიზება

იმედი

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ "კოორდინატორების" მობილიზება, რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ.

ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა გამოავლინეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები.

ორგანიზაციის ცნობით, ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც. ISFED-ის შეფასებით, ეს ამომრჩეველზე ზეწოლა და მისი ნების კონტროლია, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

ISFED მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები.

გთავაზობთ დარღვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ დეტალურ ინფორმაციას:

დარღვევები

27 ოქტომბრის საღამოს საათებში, "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ამომრჩეველზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესახებ ლაგოდეხში. სოფელ ცოდნისკარის მცხოვრებლები, ნუნუ ჯორჯაძე და თედო ხაჩიაშვილი, რომელთა ოჯახის წევრები სამხედრო მოსამსახურეები არიან, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს - ნანო ლომიძესა და ია ჯოხაძეს - ზეწოლაში ადანაშაულებენ. ჯორჯაძე ამბობს რომ ლომიძე და ჯოხაძე მათ ოჯახში მივიდნენ და მოსთხოვეს, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სამხედრო მოსამსახურე შვილს პროებლემები შეექმნებოდა. ჯორჯაძე ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ იგივე გადაეცა ხაჩიაშვილების ოჯახისთვის და ისიც გაეფრთხილებინა. ხაჩიაშვილების ოჯახის ორი შვილი სამხედრო მოსამსახურეა.

გარდა ამისა, დამკვირვებლებისთვის სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არჩევნების წინა ღამეს ცნობილი გახდა ასევე, გურჯაანისა და დედოფლისწყაროშიც.

ამ დროისთვის უბნების გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევენების" დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა:

  • სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ფიქსირდება პარტიის აქტივისტების-წარმომადგენელბის და ე.წ. კოორდინატორების მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე; ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #1, #4,  #14 და #59 საარჩევნო უბნებზე; თიანეთის #19 საარჩევნო ოლქის #12 უბანზე; ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის #6 და #52 უბნებზე; ტყიბულის #57 საარჩევნო ოლქის #29 უბანზე; საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე, თელავის #17 საარჩევნო ოლქის #24 და #25 საარჩევნო უბნებზე. აღნიშნული პირები ამოწმებენ არჩევნებზე მოსულ პირთა ვინაობას და ეწევიან აგიტაციას, მათ შორის არიან თვითმმართველობის ორგანოებისა და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საგარეჯოსა და ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, რომ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველს მოთხოვეს, რომ მოიყვანოს ხალხი არჩევნებზე, რაზეც ამომრჩეველმა უპასუხა, რომ უკვე მოიყვანა და კიდევ მიყავს ერთი ამომრჩეველი ხმის მისაცემად. აღნიშნული ძირითადად ხორციელდება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
  • ჩოხატაურის #62 საარჩევნო ოლქის #2, #8 და #26 „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებლის მოწმობებით ადამიანები სხედან უბანთან მანქანებში, რომლებსაც აქვთ სიები და პარალელურად ეწევიან აგიტაციას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

დამკვირვებელზე შესაძლო ზეწოლა

  • #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკირვებელს უბანთან დახვდა პოლიცია, რომელმაც დამკვირვებელს გამოკითხა თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა და ასევე, მისი პირადი მონაცემები. მას შემდეგ რაც გაარკვია, რომ დამკვირვებელი საგარეჯოს ოლქიდან არის უთხრა, რომ „საგარეჯოელი ყოფილხარ და ჩემი რჩევაა ძაან მკაცრი ნუ იქნებიო“.

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

  • #49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებელს არ მისცეს უფლება იმ ოთახში ყოფილიყო, სადაც კომისიის წევრები მუშაობენ. თავმჯდომარემ უთხრა, რომ დაეტოვებინა სამუშაო ოთახი და სხდომათა დარბაზში დამჯდარიყო, სადაც არავინ არ იმყოფება.
  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უზღუდავდნენ უბანზე შესვლას, იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანეს და კომისიის მდივანს არ ეცალა მათი დარეგისტრირებისთვის. შემდგომ უკვე უბანზე დაშვებულ დამკვირვებლებს კომისიის მდივანმა მიუთითა კონკრეტული ადგილი საიდანაც დააკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს, რითაც შეუზღუდა საარჩევნო უბანზე თავისუფალი გადაადგილება.
  • #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ შეუშვეს უბანზე 8 საათამდე.
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს უზღუდავს ფოტოვიდეო გადაღების უფლებას და მიუთითებს რომ გადაღების უფლება მხოლოდ მედიას აქვს.
  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის შეტანის უფლება არ მისცეს.

წილისყრის წესის დარღვევა:

  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარემ ფუნქციის შესრულება დაავალა კომისიის სხვა წევრს წილისყრის ჩატარების გარეშე.
  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე.
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე გადასატანილი საარჩევნო ყუთის გამყოლ პირთა წილისყრის შედეგად შერჩეულ იქნა „ქართული ოცნების“ ორი წარმომადგენელი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა უარი განაცხადა, ხოლო სხვა პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წილისყრაში მონაწილეობაზე. კომისიის თავმჯდომარე ოლქიდან მიღებული მითითების შესაბამისად აპირებდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის გაუქმებას, თუმცა დამკვირვებლის მიერ უბანზე საჩივრის წარდგენის შემდეგ თავმჯდომარემ ხელახლა ჩაატარა წილისყრა და გამოავლინა გადასატანი ყუთის მეორე გამყოლი კომისიის წევრი.
  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა  გადაცვალა წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ ახლიდან ჩაატარა წილისყრა.
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე წილისყირით გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები ორივე კომისიის წევრი მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყო, რაც მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს და თავმჯდომარემ თავისი გადაწყვეტილებით შეცვალა კომისიის ერთი წევრი.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება:

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #85 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საკონტროლო ფურცელი ძირითად საარჩევნო ყუთში მოათავსა პირველი ამომრჩევლის უბანზე შემოსვლამდე. შესაბამისად ყუთში ჩაგდებულ საკონტროლო ფურცელში არ იყო მითითებული პირველი ამომრჩევლის მონაცემები.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელში არ მიეთითა პირველი ამომრჩევლის მონაცემები და არ დაფიქსირდა მისი ხელმოწერა.

მარკირების წესის დარღვევა:

  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება და დარღვევა მხოლოდ დამკვირვებლის მითითების შემდეგ გამოსწორდა.
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შეუშვეს უბანზე.

პირადობის დამადასტურებელი დაკომენტაციის არ შემოწმება:

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #65 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩევლეს პირადობის დოკუმენტის შემოწმების გარეშე მიაცემინა ხმა.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება, ასევე არ გადამოწმდა მისი მონაცემები სიაში ისე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და შეივსო საკონტროლო ფურცელი. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ამომრჩევლის მონაცემები გადამოწმდა სიაში და აღმოჩნდა, რომ არ იყო მოცემული უბნის ამომრჩეველი.

კონვერტის არასწორად გაცემა:

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ამომრჩეველს კაბინაში შესვლამდე გადასცა კონვერტი.

სიაში ხელის არასწორად მოწერა:

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა სიაში ხელი სხვა ამომრჩევლის გასწვრივ მოაწერა.

ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში.

უბნის დაგვიანებით გახსნა:

  • #81 ქობულეთიის საარჩევნო ოლქის #32 უბანი დაგვიანებით გაიხსნა, ვინაიდან ბიულეტენები არაწორად იყო დაბეჭდილი, კერძოდ, „51“ ნომრის მქონე კანდიდატზე წერია „5“, ხოლო „48“ ნაცვლად წერია „18“. არასწორად დაბეჭდილი ბიულეტენების მიუხედავად, უბანზე კენჭისყრა მაინც მიმდინარეობს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიას უბანზე კენჭისყრის პროცესის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

არაუფლებამოსილი პირი უბანზე:

  • #28 დუშეთის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა დეპუტატი, რომელსაც არ გაუვლია შემოწმება და არ იყო აღნიშნული უბნის ამომრჩეველი.

------

"სამართლიანი არჩევნები" შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

ორგანიზაცია ამომრჩეველს ასევე ახსენებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ასევე, იმისათვის რომ ამომრჩევლის არჩევანი დაფიქსირდეს, საკმარისია ბიულეტენში მკაფიოდ გამოიკვეთოს სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა. შესაბამისად, თუ ამომრჩეველს კონკრეტული ფორმით სთხოვენ გააკეთოს არჩევანი და ფოტო გადაუღოს, ამომრჩეველს შეუძლია შემდგომ გადახაზოს იძულებით გაკეთებული მონიშვნა (ან გადახაზოს ყველა კანდიდატი) და შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება.

კომენტარები