არჩევნები 2018

hridc: გორში უბნებზე "ოცნების" აგიტატორებმა ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი გააკრეს

ადამიანის უფლებათა ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაცით, გორში, თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებულები. hridc-ის ინფორმაციით, მათ რამდენიმე უბანზე მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს.

ორგანიზაცია ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე გაკრული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერების ფოტოსაც ავრცელებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სხვა დარღვევებზეც საუბრობს.

"სადემონსტრაციო ოქმები არ იყო ან არასწორად იყო შევსებული ფხვენისის 74- ე უბანზე და ტირძნისის 62-ე უბანზე. ტირძნისის 92-ე უბანზე ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ორივე ბიულეტენი განათავსა კონვერტში, რის გამოც რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა. დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე. ხმაური ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელიც სიაში არ აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

გარდა ამისა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არიან წარმომადგენლები სადამკვირვებლო ორგანიზაცია "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიადან", რომლებიც ეწევიან აგიტაციას და ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები