არჩევნები 2018

მდინარაძე: ენმ ცდილობს მოვლენების მოდელირებას და გაყალბების ილუზიის შექმნას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა თავისი მედიის მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს, ყველაფერს აკეთებს არა მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის, არამედ, იმისთვის, რომ შექმნას გაყალბების ილუზია". მდინარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ ცდილობს, ქართული ოცნების აქტივისტების ნებისმიერი ქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს.

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ათეული მომხრე მიჰყავს საარჩევნო უბნებზე. "ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის თქმით, მათ უკვე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული აქვთ. მდინარაძე ამბობს, რომ ისინი ცდილობს სიტუაციიის ისე წარმოჩენას, თითქოს უბნებზე არის დარღვევები და მარკირება გაკეთებული პირები ახერხებენ შესვლას.

"თუმცა, დამკვირვებლები ახერხებენ ყველა მათგანის იდენტიფიცირებას, მათ არც ერთი ფაქტი არ გამოპარვიათ და ყველა მათგანი უკან გააბრუნეს.

გარდა ამისა, რუსთავი ორი ბოლო ავრცელებს რაღაც ფურცლებს, სადაც თითქოს არის მოსყიდვის ფაქტები. ხუმრობასაც კი ვაპირებდი, რომ დაგვეწერა ხელით და მიგვეწერა კონკრეტული თანხები, მაგრამ ეს ხუმრობაშიც არ ჯდება. ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ, მოერიდონ ასეთ პროვოკაციებს" - განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები