არჩევნები 2018

ნადირაშვილი: სალონიკში უბნის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა

ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, სალონიკში ერთ-ერთ უბანზე უბნის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა და სადემონტრაციო ოქმში მისი სახელი და გვარი გადახაზა. ევროპულ საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მომხდარ სხვა დარღვევებზეც საუბრობენ.

"ბოლნისში 54-ე უბანზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, ამ დაპირისპირების ინიციატორი იყო ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი  ქართული ოცნებიდან იმან გასუპოვი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს კოორდინატორს სენან ხალიმოვს, გამოიძახეს პოლიცია, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ფაქტზე სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება, რომ არ იყოს უმართავი პროცესები და არჩევნები მიმდინარეობდეს დემოკრატიულ ჩარჩოებში.

მეორე შემთხვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოხდა სალონიკში 37-ე უბანზე, სადაც ამ უბნის თავმჯდომარემ ქეთევან გონგაძემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა და სადემონსტრაციო ოქმში გადახაზა დავით ბაქრაძის კანდიდატურა. ეს ოქმი როგორც წესი, გამოკრულია უბანში კედელზე და სწორედ კედელზე გამოკრულ ოქმში გადახაზეს ბაქრაძის კანდიდატურა. ჩვენ ვთვლით, რომ ცესკომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და ქეთევან გონგაძე უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს." - ამბობს ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ახალქალაქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლები ხმას პირადობის დამადასტურებელი მოწმობებეის გარეშე აძლევენ. პარტიაში ცესკოს დარევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

"ახალქალაქის მე-40 ოლქში, 32-ე და 46-ე უბნებზე ძალიან სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი. კერძოდ, ამომრჩევლები ხმას აძლევენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე. ჩვენი დამკვირვებლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ისევ მიმდინარეობს საბუთების გარეშე ხმის მიცემა. ცესკომ უნდა მიიღოს ზომები, ეს არის დიდი მასშტაბის დარღვევა და შეიძლება იყოს ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაუქმების საფუძველი." - ამბობს ნადირაშვილი.

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 

კომენტარები