არჩევნები 2018

HRIDC პარტიულ აგიტატორებსა და კომისიის წევრების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს

flickr.com

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან. ცენტრის განცხადებით, პრობლემად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა.

“საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების მხრიდან გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. “ამომრჩეველთა მთვლელები” ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა და ვინ არა, არჩევნებზე. ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს.” - წერია ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე საუბრობს საარჩევნო კომისიის წევრების დაბალ კვალიფიკაციაზე და მათი მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნაზე.

“ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩვენების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია. მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით.” - წერია ცენტრის განცხადებაში.

14:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა.

 

კომენტარები