არჩევნები 2018

მდინარაძე: კოორდინატორების ინფორმაციით, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, მათი კოორდინატორების მიწოდებული ინფორმაციით, "ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს".

"ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. თუმცა მოგეხსენებათ, არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტივობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიუროს დღის ბოლომდე და ვფიქრობთ, რომ შედეგი იქნება სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნები ჩაივლის დემოკრატიულად, აქ კითხვის ნიშნები არ იქნება" - ამბობს მდინარაძე.

კითხვაზე, რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს, მდინარაძე ასე პასუხობს - "ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებს და აქტივისტებს იმისთვის, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ, ძალიან აკრიტიკებენ, სინამდვილეში ეს ადამიანები ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას პარტიისთვის, მათი მონაცემების, მათი გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია წინასწარი დასკვნები გავაკეთოთ - ამ მონაცემებით და ყველა სხვა მონაცემით, რაც შემოდის პარტიაში, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებელად ლიდერობს. ჯერჯერობით არ შეიძლება კატეგორიულად და გადაჭრით, რა თქმა უნდა, არაფერზე საუბარი, ვიდრე არ დაითვლება ხმები, მაგრამ ის, რომ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია, ახლა სჭირდება ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას". 

კომენტარები