არჩევნები 2018

უგულავა: ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის კარუსელის გამეორება სურს

გიგი უგულავა
ტაბულა

პარტია "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ არჩევნების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმიტ მარნეულის სოფელ სადახლოში "კარუსელის" ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო საბერძნეთში, სალონიკის ერთ-ერთ უბანზე თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა და სიიდან მისი სახელი გადახაზა:

"არის დადასტურებული კარუსელი. მარნეულის 29-ე უბანზე სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და ასე დაეტრიალებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა, შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შედეგადაც ეს ბიულეტენი დახია და დახეული ბიულეტენი იქვე ყრია. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა და განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის კარუსელის გამეორება სურს და ამის უკვე რამდენიმე მაგალითია.

მეორე სრულიად აღმაშფოთებელი ამბავი არის საბერძნეთის ნომერ 37-ე უბრანზე. ეს უბანი არის სალონიკში. იქ სამი უბანია გახსნილი და კომისიის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ საერთოდ ჯეკპოტი მოხსნა. ადგა და სადემონსტრაციო ოქმში გადახაზა დავით ბაქრაძე და გამოაცხადა, რომ ბაქრაძე აღარ იყრის კენჭსო. წარმომადგენელმა რომ გააპროტესტა, ეს სადემონსტაციო ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ამის გასანეიტრალებლად ასეთ სიბინძურეზე, პირდაპირ ტყუილზე მიდიან, თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ.

ბოლოს მე მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. ჯერ-ჯერობით სურათი ისეთია, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსი აქტივობაა. აქტივობა უნდა გაიზარდოს. არავინ არ უნდა დავიზაროთ. მინდა გულითადად გთხოვოთ ყველას, ვინც იყავით, არ დაიზაროთ და ერთ მეგობარს მანნც მოკიდოთ ხელი და დაარწმუნოთ, რომ წავიდეს არჩევნებზე და ვინც ჯერ არ ყოფილა 8 საათამდე უნდა ვიაქტიუროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატისთვის." თქვა გიგი უგულავამ.

ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ახალქალაქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლები ხმას პირადობის დამადასტურებელი მოწმობებეის გარეშე აძლევენ. პარტიაში ცესკოს დარევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 

კომენტარები