არჩევნები 2018

ცესკო: საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ჩვენს კომპეტენციას ცდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევენ. უწყების პრესსპიკერის თქმით, კითხვები მათ კომპეტენციას ცდება.

"ვეხმაურებით საკონსულო რეგისტრაციების ცალკეულ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ ცესკომ საზღვარგარეთ ამომრჩეველთა სიები შეადგინა როგორც საკონსულოებისგან, ისე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, საკონსულო რეგისტრაციებთან დაკავშირებული კითხვები ცდება ცესკოს კომპეტენციას", - თქვა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა 55-ივე საარჩევნო უბანი გაიხსნა და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. ცესკო-ს პრესსპიკერი ასევე ამბობს, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა და შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ვებგვერდზე.

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ - საარჩევნო უბნებზე მათ ეუბნებიან, რომ სიაში არ არიან.

კომენტარები