არჩევნები 2018

კალაძე Edison Research-ის და BCG-ს ეგზიტპოლებზე: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაყალბებულია

თბილისის მერმა, კახი კალაძემ ეგზიტპოლების შედეგებზე ისაუბრა და სალომე ზურაბიშვილს "დამაჯერებელი გამარჯვება" მიულოცა:

"ეგზიტპოლში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი 7 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მინდა მას მივულოცო ეს დამაჯერებელი გამარჯვება. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს. მიმდინარეობს დათვლის პროცედურები. 8 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი. როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები უკვე ოფიციალურად გამოაცხადებს ცესკო." თქვა კალაძემ.

კალაძემ "ევროპული საქართველოს" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შესახებ დასმულ შეკითხვაზე თქვა:

"ჩვენ თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებს და საარჩევნო კვლევებს, რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაყალბებული, იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში არჩევნების პროცესში წარმოდგენილი კვლევები, ეგზიტპოლის შედეგები ყოველთვის განსხვავდებოდა ხალხის გადაწყვეტილებისაგან. ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდ ნაციონალურ მოძრაობას. უხეშად რომ არ გამომივიდეს და ყველასათვის გასაგები რომ იყო - ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია." თქვა მან.

ქართული ოცნების დაკვეთით, კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ზურაბ ბიგვავას კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ზურაბიშვილმა 52,3% დააგროვა.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე გადის "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 28,1%, ხოლო მესამე ადგილზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე - 9,32%

რუსთავი 2-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის ჩატარდება, მათ თანაბარი 40-40% დააგროვეს.

ევროპული საქართველოს დაკვეთით, კომპანია "ბი-სი-ჯი"-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება. 

BCG-ის მონაცემებით, ანალიტიკური განაწილების შედეგად, ვაშაძემ 37% მიიღო, ზურაბიშვილმა 34%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. 

კომენტარები