არჩევნები 2018

ცესკოს შეჯამება: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიას არჩევნების მიმდინარეობა შეაჯამა. უწყების პრესსპიკერის თქმით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს საკუთარი ნების გამოხატვა მთელი დღის განმავლობაში თავისუფლად შეეძლოთ.

ანა მიქელაძე მედიას ასევე ისაუბრა არსებული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 364 საჩივარი და ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა.

გარდა ამისა, ცესკოს პრესსპიკერის ინფორმაციით, ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა, ორ უბანზე კი კენჭისყრის შედეგების გაბათილება.

ანა მიქელაძე საუბრობს პროცედურულ დარღვევებზეც. მისი ინფორმაციით: მარნეულის №52-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა წარმომადგენლის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მცდელობა და კომისიის გადაწყვეტილებით, წარმომადგენელმა საარჩევნო უბანი დატოვა;

ქუთაისის №49-ე, №110-ე და ბათუმის №6-ე საარჩევნო უბნებზე ასევე დაფიქსირდა კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის მცდელობა, თუმცა სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ, ინციდენტები აღმოიფხვრა;

ახალქალაქის №49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ცდილობდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემას. კომისიამ არ მისცა მას ხმის მიცემის შესაძლებლობა;

ნინოწმინდის №26-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე, თითქოს დამკვირვებელს ჰქონდა ყალბი მოწმობა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, დამკვირვებელმა შეძლო უბანზე შესვლა.

გარდა ამისა, ანა მიქელაძის თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის №18-ე საარჩევნო უბანზე 4-მა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით მიიღო.

"ერთ შემთხვევაში, ამომრჩეველი მივიდა ვადაგასული პირადობის მოწმობით და ცდილობდა ხმის მიცემას. მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ ამომრჩეველს განემარტა, რომ ის ხმას ვერ მისცემდა აღნიშნული დოკუმენტით, ამომრჩეველმა ხმა მისცა საქართველოს მოქალაქის პასპორტის საშუალებით. დანარჩენ 3 შემთხვევაში - ამომრჩევლებს ჰქონდათ უვადო პირადობის მოწმობები, შესაბამისად მათ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა", -აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ხმების დათვლის პროცედურა და შედეგები შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავეხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებ-გვერდზე.

მისივე თქმით, დღეს, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის მანძილზე შემოვიდა 1 746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ ჩათის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს facebook-გვერდზე, Youtube-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შეთავაზებული ინიციატივით სარგებლობის სურვილი 4-მა ორგანიზაციამ გამოთქვა და მათი დამკვირვებლები, ცესკოს ოპერატორებთან ერთად, საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების შეყვანის პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები