არჩევნები 2018

კობახიძე: ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის, საჭიროა მეორე ტური

ქართულმა ოცნებამ მეორე ტურის საჭიროება აღიარა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართულ ოცნებას "პირველ ტურში გამარჯვებისთვის ცოტა დააკლდა და საჭიროა მეორე ტური". 

"საჭიროა მეორე ტური, თუმცა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი და მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ცესკოს მონაცემები აცდენილია ორივე ეგზიტპოლს. ამას შეიძლება ქონდეს თავისი მიზეზები, რა თქმა უნდა, ამას ჩავეძიებით. ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა ამომრჩეველთა დაახლოებით 44%. გარკვეული აცდენის მიზეზი ეს არის. ცესკოს შედეგებს აცდენილია როგორც ნაც.მოძრაობის, ისე ჩვენი ეგზიტპოლის შედეგები", - თქვა კობახიძემ. 

ეგზიტპოლი სამმა სხვადასხვა კომპანიამ ჩაატარა. Edison Research-მა რუსთავი 2-ის დაკვეთით, BCG-მ ევროპული საქართველოს დაკვეთით და ფსიქოპროექტმა ქართული ოცნების დაკვეთით. 

ქართული ოცნების დაკვეთილი კვლევის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს. 

დანარჩენი ორი ეგზიტპოლის მიხედვით კი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადიან. 

უფრო კონკრეტულად: 

ქართული ოცნების დაკვეთით, კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს. ზურაბ ბიგვავას კომპანიის ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ზურაბიშვილმა 52,3% დააგროვა.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზე გადის "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 28,1%, ხოლო მესამე ადგილზე - ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე - 9,32%

რუსთავი 2-ის დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება ძალა ერთობაშია-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის ჩატარდება, მათ თანაბარი 40-40% დააგროვეს.

ევროპული საქართველოს დაკვეთით, კომპანია "ბი-სი-ჯი"-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის გაიმართება. 

BCG-ის მონაცემებით, ანალიტიკური განაწილების შედეგად, ვაშაძემ 37% მიიღო, ზურაბიშვილმა 34%, ევროპული საქართველოს კანდიდატმა დავით ბაქრაძემ - 17 %, შალვა ნათელაშვილმა - 5%. 

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ცესკო დაახლოებით 24:00 საათზე გამოაქვეყნებს. 

კომენტარები