ბრაზილია

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურში ულტრა-მემარჯვენე ბოლსონარომ გაიმარჯვა

ჟაირ ბოლსონარო
AFP

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა, ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა. მან ხმათა 55,2%-ის მოპოვება შეძლო, ხოლო მისმა ოპონენტმა, მემარცხენე მუშათა პარტიის წარმომადგენელმა ფერნანდო ჰადადმა ხმათა 44,8% მიიღო.

"ჩვენ ერთად შევცვლით ბრაზილიის ბედისწერას." მიმართა ბოლსონარომ მხარდამჭერებს.

ფერნანდო ჰადადის თქმით ახლა მისი პასუხისმგებლობაა ბოლსონაროს წინააღმდეგ ოპოზიციას შეუერთდეს და იმ 45 მილიონი ადამიანის თავისუფლება დაიცვას, ვინც მას მისცა ხმა.

ჟაირ ბოლსონარო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2019 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ბოლსონარომ არჩევნების პირველ ტურში ხმათა 46% მიიღო, ხოლო ჰადადმა 29%.

სექტემბრის დასაწყისში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბოლსონაროს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. თავდამსხმელს ბოლსონაროს მხარდამჭერებმა სცემეს. ის ადგილზევე დააკავეს. თავდამსხმელი 40 წლის ადელიო ობისპო დე ოლივიერაა, რომელსაც, პოლიციის მიხედვით, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ბოლსონარო, 63 წლის ყოფილი სამხედრო კაპიტანი 1980 წლიდან სამხედროების უფლებებს იცავს. ის სოციალ-ლიბერალების პარტიას წარმოადგენს და მხარს უჭერს იარაღზე კონტროლის კანონების შემსუბუქებას, სიკვდილით დასჯის შემოღებას და აბორტის აკრძალვას.

ის ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი და მისთვის "ბრაზილიელი ტრამპიც" უწოდებიათ რასისტული, ჰომოფობიური და სექსისტური გამონათქვამების გამო.

2011 წელს Playboy-ს ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გეი შვილის შეყვარებას ვერ შეძლებდა და ურჩევნია ასეთი შვილი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპოს.

2015 წელს ის დააჯარიმეს, რადგან კონგრესმენ ქალზე თქვა, რომ ის არ ღირს გაუპატიურებად, რადგან ძალიან მახინჯია.

რასისტული გამონათქვამების გამო მის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობდა.

კომენტარები