არჩევნები 2018

პრეზიდენტი "ოცნებაზე": თვითონ შეძლონ ხალხის გზავნილების წაკითხვა, მე ეს მისია მიმთავრდება

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი
Getty Images

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის "ქართულ ოცნებას" 5 წლის განმავლობაში ღიად ეუბნებოდა, თუმცა ამის გამო მხოლოდ უსამართლო თავდასხმები ესმოდა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მას ეს მისია უმთავრდება და ახლა ხელისუფლებამ თვითონ უნდა შეძლოს შეაფასოს, რა უთხრა მოსახლეობამ არჩევნების შედეგებით.

ასე უპასუხა პრეზიდენტმა კითხვას იმის შესახებ, თუ რა უთხრა ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას" 28 ოქტომბრის არჩევნებით.

"რა არის ჩემი შეხედულებით პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი და მცდარი, ამის თაობაზე 5 წლის განმავლობაში ძალიან ღიად, მათ შორის მედიით ვეუბნებოდი ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ხელისუფლებაში მყოფ ჯერ კოალიცია ქართულ ოცნებას, მერე უკვე პარტია ქართულ ოცნებას. მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე, ახლა თვითონ შეძლონ და წაიკითხონ ის გზავნილები, რომლებიც მათ მისცა საზოგადოებამ. 5 წელიწადი ამას ვაკეთებდი, რომ ღიად და ყოველგვარი დაფარვის გარეშე იმას, რაც გასაკეთებელი იყო და სადაც იყო შეცდომები, ვეუბნებოდი. თუმცა 5 წლის განმავლობაში მე მხოლოდ კრიტიკა მესმოდა ამის გამო და უსამართლო თავდასხმები", - ამბობს პრეზიდენტი.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ ამ არჩევნებში პოზიტიურს კონკურენტულობას ხედავდა და შესაბამისად, მეორე ტურს ელოდა.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. მისი თქმით, დაფისირებული ხარვეზები მეორე ტურში უნდა გამოსწორდეს.

"ათობით და ათასობით ადამიანი, ძალიან აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესი ყოფილიყო დაცული და ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარებულიყო​. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის ხარვეზები, რაზეც ჩვენ მიგვითითეს ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, აუცილებლად უნდა იყოს ძალიან აქტიურად ყურადღებამიქცეული და გამოსწორებული. არა როდესმე, არა რომელიმე მომავალ არჩევნებზე, არამედ მეორე ტურზე", - თქვა მარგველაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ აქვს თხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან რომ სადამკვირვებლო მისიები მეორე ტურის არჩევნებსაც იგივე მოცულობით დააკვირდებიან. პრეზიდენტის თქმით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

კომენტარები