სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 7702 ნებართვა გაიცა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6%-ით ნაკლებია. საქსტატი აღნიშნავს, რომ ამ შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 4536,9 ათასი კვადრატული მეტრია, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2%-ით ნაკლებია
უწყების ცნობითვე, ნებართვების 72% გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48% თბილისშია, 13.2% აჭარაში და 10.8% ქვემო ქართლში.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. ნებართვები ასევე გაიცა სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
რაც შეეხება დამთავრებულ მშენებლობებს, მათი ნახევარზე მეტი, 56.1% ქვეყნის სამ რეგიონზეა განაწილებული: 28.9% - თბილისი, 15.6% - კახეთი, 11.6% - ქვემო ქართლი.
საქსტატის მონაცემებთ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1453.5 ათასი კვ.მ ფართობის 1830 ობიექტი, რაც 15.9%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს.