საბანკო რეგულაციები

ეროვნული ბანკი: სესხის გაცემაზე რეგულაციები არაუგვიანეს 15 ნოემბრიდან ამოქმედდება

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან აქტიური კონსულტაციები გრძელდებოდა და განახლებულ ვერსიაში ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა აისახა. სებ-ი ხაზს უსვამს, რომ რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება.

"კონსულტაციები ამჟამადაც მიმდინარეობს ცალკეული მუხლებისა და პუნქტების ტექნიკური ხასიათის დაზუსტებისა და გამარტივების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ცვლილება განიცადა, განახლებული დოკუმენტი საფინანსო ორგანიზაციებს უმოკლეს ვადაში მიეწოდებათ. ამასთან მიზანშეწონილად ჩაითვალა საფინანსო ორგანიზაციებს კიდევ რამდენიმე დღე მიეცეთ ახალი ვერსიის გასაცნობად და მათი შიდა პროცესების რეგულირების პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება დებულების ძალაში შესვლის თარიღის რამდენიმე დღით გადაწევის შესახებ, სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა", - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომენტარებისთვის ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში გამოაქვეყნა. სებ-ი განმარტავს დებულების მიზანსაც. მათი თქმით, ეს არის საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება და მსესხებელთა დაცვა არაპროპორციული ფინანსური რისკებისგან.

"პროექტი საბოლოო რედაქციამდე ექვემდებარებოდა როგორც პრინციპულ, ისე შინაარსობრივ და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს. ამ პერიოდის განმავლობაში ეროვნულ ბანკს ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან და მათთან ჩართულობით არაერთი შეხვედრა გაიმართა", - აღნიშნავენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ ცვლილებების მიხედვით, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად იცვლება. კობა გვენეტაძის ბრძანების ძალაში შესვლა 1 ნოემბერს იგეგმებოდა. ცვლილება ფიზიკურ პირებს ეხება, რომლის მიხედვით, თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით უწესდება შესაძლო სესხის მაქსიმალური ლიმიტი. შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტის ნაწილია შემოსავლების ჯგუფების მიხედვით, სესხის ყოველთვიური მომსახურების ტვირთის ლიმიტების განსაზღვრა. ასევე განსაზღვრულია ლიმიტები ჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც სესხიც და შემოსავალიც ერთსა და იმავე ვალუტაში აქვს ნომინირებული.

პარალელურად, დგინდება ერთიანი ჭერი თუ რა ხანგრძლივობის შეიძლება იყოს ამა თუ იმ ტიპის სესხი. მაგალითად, იპოთეკაზე ეს ლიმიტი მაქსიმუმ 15-წლიანია, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხზე კი მაქსიმუმ 10-წლიანი შეიძლება იყოს. ასევე, ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი, ხოლო სხვა ნებისმიერი ტიპის სესხის ხანგრძლივობა 4 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

ახალ რეგულაციებს კომერციული ბანკები ეწინააღმდეგებოდნენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციები მარტივდება და მათი ამოქმედება გადავადდა. კონკრეტულად რომელ ნაწილს შეეხო გამარტივება და არის თუ არა მათ შორის სესხის მაქსიმალური ლიმიტი, ამაზე სებ-ი არ საუბრობს.

კომენტარები