მედია

იმერეთი ნიუსის დამფუძნებელი: მაღალჩინოსნების მუქარის გამო ფუნქციონირებას ვწყვეტთ

იმერეთი ნიუსი

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო, იმერეთი ნიუსი ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ საიტზე წერია. მისი დამფუძნებელი კოტე ცირეკიძე ამბობს, რომ მას, მის დედას, სააგენტოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ქუთაისის ვიცე მერი, გიორგი იობაშვილი და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი ემუქრებიან. 

"ჩემ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, იძულებული ვარ დროებით შევაჩერო “იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს, imereti.news-ის ფუნქციონირება. ამის მიზეზი გახდა ქუთაისის ვიცე-მერის, გიორგი იობაშვილისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, გრიგოლ დალაქიშვილის მიერ ჩემ მიმართ, ასევე, დედაჩემისა და სააგენტოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ გაჟღერებული პირდაპირი თუ ირიბი მუქარები. მანამ, სანამ ეს ადამიანები რჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც შესწევთ ძალა, ზიანი მომაყენონ მე, ჩემი ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს, არ მაქვს მორალური უფლება სააგენტოს ფუნქციონირებისა", - წერს კოტე ცირეკიძე.

კოტე ცირეკიძის დედა ელეონორა არჩაიაა, რომელიც ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილეა.

ლიბერალის ცნობით, მერიის წარმომადგენლები სააგენტოს მიერ მომზადებული მასალების გამო დედამისს ხშირად საყვედურობდნენ და ემუქრებოდნენ. ასევე, ემუქრებიან მათი ოჯახის ბიზნესსაქმიანობასაც - ოჯახი რესტორნების ქსელ ბარაქას ფლობს, რომელსაც ძველი დავალიანება აქვს. "დედაჩემს ეუბნებოდნენ არ გეგონოს ეს დავალიანება შეგრჩესო", - ამბობს ცირეკიძე, ლიბერალის ცნობით. 

კომენტარები