არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი

ქართული ოცნების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მხარდამჭერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის თავისი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"პირველ რიგში, მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, ვინც დამიჭირა მხარი, ვინც დიდ ხანს, 2-3 თვე ასე აქტიურად მონაწილეობდა ამ კამპანიაში, რომელიც ადვილი არ იყო, ქართულ ოცნებას, მის აქტივისტებს, ჩემი შტაბის მხარდაჭერებს და უბრალო ადამიანებს, ვინც თავიანთი ინიციატივით ჩაერთნენ ამ კამპანიაში, იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები და ყველაზე გულწრფელი დამცველები.

ყველა ამ ადამიანის გამარჯვებაა ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს. შეიძლება იფიქროს ვიღაცამ, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება, ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი - ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხის და მეთოდის, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტეხნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედადავად, პირველი ადგილი პირველ ტურში.

რუსთავი ორი ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა? მხარდაჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა. მე მგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული, ამიტომ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, იმიტომ რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, თქვენი სიბრძნის, იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის.

თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, როგორი გვინდა იყოს საქართველო, ეს არის მეორე ტური, და ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ, მე მჯერა თქვენი, ყველანი მივდივართ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მონაცემებით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, ხოლო "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37.74 %. 

კომენტარები