არჩევნები 2018

ომბუდსმენი ახალქალაქზე: გამოძიებისას სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობა უნდა შეფასდეს

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება. ნინო ლომჯარიას თქმით, მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს.

"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები მნიშვნელოვნად აბრკოლებს წინასაარჩევნო გარემოს თავისუფალ და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობის პროცესს, რაც საბოლოოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, აუცილებელია მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დროული იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში შეფასება მიეცეს სავარაუდო პოლიტიკური მოტივის არსებობას და საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიერონ ამ პროცესის კონსტრუქციულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობისგან.

ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაზე ინფორმაცია "ძალა ერთობაშიამ" გუშინ, 30 ოქტომბერს გაავრცელა. თბილისის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, დაზარალებულები ხელკეტებით არიან ნაცემები. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ შტაბის წევრებს სცემეს, რადგან მათ დღეს 6 საათამდე კომისიაში საჩივრების შეტანა ვერ მოესწროთ, ვინაიდან საჩივრების განხილვის შემდეგ ქართული ოცნების ხმები დაიწევს და მმართველ გუნდს სწორედ ამის ეშინია. გარდა ამისა, ვაშაძის მითითებით, შტაბთან გამოცხადებულ თავდამსხმელებს შორის "ქართული ოცნების" დეპუტატის ენძელ მკოიანის ოჯახის წევრი იყო.

საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, ენმ-ის შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრებმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები