აშშ-საქართველო

საგარეო საქმეთა მინისტრი: საეჭვოა, რომ ბოლტონზე დეზინფორმაცია საარჩევნო პერიოდს დაემთხვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, უსაფრთხოებას და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას". დავით ზალკალიანი გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ "ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ მისცენ". ზალკალიანი სამწუხარო ფაქტს უწოდებს დეზინფორმაციის გავრცელებას.

"მაგრამ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ოპონენტებმა მყისიერად აიტაცეს და ეს დეზინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ძალიან სამწუხაროა, რომ მათი მხრიდან ხდება ასეთი საკითხით მანიპულირება - მაშინ, როდესაც საქმე ეხება ყველაზე სტრატეგიულ მიმართულებას, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. იქ, სადაც საქართველო არის უაღრესად თანმიმდევრული და ძალიან ძლიერი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტისას.

კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, უსაფრთხოებას და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელებისას" - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანის შეფასებით, ძალიან საეჭვოა ინფორმაციის გავრცელების წყარო - ვებ-საიტი და მისი სახელწოდება.

"საეჭვოა ასევე დეზინფორმაციის გავრცელების დრო, რაც ემთხვევა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს. არ მინდა ვიფიქრო, რომ პოლიტიკური ოპონენტები იყენებენ ასეთი სახის დეზინფორმაციას სხვადასხვა მიზნისთვის. სამწუხაროა, რომ საჯაროდ აჟღერებენ სხვა სახის განცხადებებს, რომ ისინი ებრძვიან დეზინფორმაციას და ანტიდასავლურ კამპანიას და რეალურად, ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას" - თქვა მინისტრმა.

დღეს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც უარყო. მათი განცხადებით, "საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა".

კომენტარები