უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

პატრიარქი ფილარეტი: საქართველოს უნდა ახსოვდეს ისტორია, რუსეთმა მისი ავტოკეფალიაც მოსპო

რადიო თავისუფლება

უკრაინის ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი ფიქრობს, რომ საბოლოოდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხარს დაუჭერს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. უკრაინის პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას შეახსენა, რომ იყო დრო, როცა რუსეთმა მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში რუსი ეგზარქოსი დანიშნა. პატრიარქი ფილარეტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს უნდა ახსოვდეს ისტორია.

"იყო დრო, როცა რუსეთის სახელმწიფომ მოსპო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და თბილისში დანიშნა რუსი ეგზარქოსი, ამდენად, საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია, ასეთივე ისტორიას გადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. რა გვსურს საქართველოს ეკლესიისგან? გვსურს, რომ როცა უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს, საქართველოს ეკლესია შევიდეს ლოცვის ერთობაში უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ჩვენ გვვაქვს ამის იმედი, რადგან ქართველი ხალხი ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხს. ამის საფუძველზე ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეკლესია მხარს დაუჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას" - უთხრა პატრიარქმა ფილარეტმა "რადიო თავისუფლებას".

უკრაინის პატრიარქის თქმით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის დაწყების შემდეგ, მას არ ჰქონია კონტაქტი ილია მეორესთან.

"ჩვენს რამდენიმე მღვდელმთავარს ჰქონდა კონტაქტი საქართველოს ეკლესიასთან, მაგრამ ეს იყო კერძო კონტაქტები. ოფიციალური კონტაქტები საქართველოს პატრიარქთან და ეკლესიის წარმომადგენლებთან ჩვენ არ გვქონია" - ამბობს პატრიარქი ფილარეტი.

მისივე თქმით, დიდი სქიზმა, როგორც ამას მოსკოვი წინასწარმეტყველებს, არ იქნება.

"სქიზმაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის ეკლესია, შესაძლოა, ანტიოქიის ეკლესიამ მხარი დაუჭიროს რუსეთის ეკლესიას, მაგრამ სხვა ეკლესიების შემთხვევაში, როგორებიცაა ბულგარეთის და სერბეთის ეკლესიები, ეს პრობლემატურია. რომც დავუშვათ, რომ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში მხარს არ დაუჭერენ მსოფლიო პატრიარქს, ეს მოკლე დროით მოხდება, მაგრამ მთლიანობაში, ყველა მართლმადიდებელი ეკლესია დაუჭერს მხარს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას. საქართველოს ეკლესია შეიძლება გარკვეული ხნით ნეიტრალური იყოს, შეიძლება, მაშინვე დაუჭიროს მხარი, მაგრამ საბოლოოდ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიას" - ამბობს პატრიარქი ფილარეტი.

უკრაინის პატრიარქის თქმით, მათი მოლოდინია უკრაინის მართლმადიდებლობის გაერთიანება ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიად. ამის შემდეგ კი, გაერთიანებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის არჩევა.

"ამ ტომოსს ჩვენ მსოფლიო პატრიარქ ბართლომესგან ველოდებით. მას შემდეგ, რაც შევქმნით გაერთიანებულ ეკლესიას, დაიწყება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს სამწყსოს მიერთება უკრაინის ეკლესიასთან, მაგრამ ეს იქნება ნებაყოფლობითი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, ვინაიდან ვხედავთ, რომ მოსკოვს სურს რელიგიური პრობლემების შექმნა, რათა შემდეგ შეძლოს, არამხოლოდ უკრაინის ეკლესიის, არამედ, უკრაინის სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაც" - ამბობს პატრიარქი ფილარეტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

კონსტანტინოპოლის ეკლესიას განზრახული აქვს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უბოძოს. წმიდა სინოდმა ამ მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები უკვე გადადგა. აქამდე სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიის მეთაურები, მრევლთან ერთად ეკლესიის წიაღში დაბრუნებულად ცნო, კიევში საკუთარი მმართველობა აღადგინა და მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ტერიტორიაზე კანონგარეშე გამოაცხადა.

ამის გამო, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა სრულად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი მსოფლიო საპატრიარქოს იერარქებთან, სასულიერო დასთან და ერისკაცებთან.

"თანაზიარებაში მიღება სქიზმატებისა და სხვა ეკლესიის მიერ ანათემირებული პირების, მთელი მათ მიერ ხელდასხმული "ეპისკოპოსებითა" და "სასულიერო დასით", სხვისი კანონიკური ტერიტორიების მიტაცება, მცდელობა, უკან წაიღო საკუთარი ისტორიული გადაწყვეტილებები და მოვალეობები - ყოველივე ამას გაჰყავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო კანონიკური ველიდან და ჩვენი დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუძლებელს ხდის ვიყოთ ევქარისტიულ კავშირში მის იერარქებთან, სამღვდელოებასა და ერისკაცებთან", - ნათქვამია განჩინებაში.

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეფასებით, სამწუხაროა "ორი მძლავრი ეკლესიის, კონსტანტინოპოლის და რუსეთის საპატრიარქოს დაპირისპირება". მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვის საპატრიარქოს არგუმენტებს შეისწავლის. ბოტკოველი ამბობს, რომ წმინდა სინოდი ამ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებს.

კომენტარები