ტექნიკური ინსპექტირება

ავტოტრანსპორტის ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა

panoramio.com

ზუგდიდსა და მარნეულში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ორ ცენტრს აკრედიტაცია შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო ამის მიზეზად აღმოჩენილ შეუსაბამობებს ასახელებს.

"ეს გადაწყვეტილებააკრედიტაციის ცენტრში წერილობითი მიმართვების საფუძველზე გადამოწმების შემდეგ აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო იქნა მიღებული. 2018 წლის 30 ოქტომბერს აკრედიტაციის ცენტრში გაიმართა ცენტრის კომიტეტის სხდომა, სადაც განხილული იყო პტი-პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში აღმოჩენილი შეუსაბამობები. საკითხის განხილვის პროცესში გამოკვეთილი გარემოებების გამო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, ქალაქ ზუგდიდსა და ქალაქ მარნეულში მდებარე ინსპექტირების ცენტრებისთვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე. 

კერძოდ: ზუგდიდში მდებარე შპს "ტრანს ჯგუფი"-ს A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს სრულად შეუჩერდა აკრედიტაცია (M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ერთი HV ხაზი); M2, M3, N2, N3, O3, O4 - კატეგორიების გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტოსაშუალებების ტესტირება); მარნეულში, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შპს "ტექ 2017" A-ტიპის ინსპექტირების ორგანოს კი აკრედიტაცია შეუჩერდა 8-დან ორი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ( N2, N3, კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება)." - წერია განცხადებაში. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა, რომელთაც სრულად შეუჩერდათ აკრედიტაცია ან შეუმცირდათ სამოქმედო სფერო, უნდა აღმოფხვრან შეუსაბამობები და გაიარონ ხელახალი აკრედიტაცია 3 თვის შემდეგ.

შეგახენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, მათ ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს გამოძიება, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. სულ საუბარია ტექნიკური დავალიერების 10 ცენტრზე.

კომენტარები