იზორია ბოლტონის შესახებ სტატიაზე: ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია

ტაბულა

"რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთში აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი" - თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეხმაურება, გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, რომ "ამერიკის მიერ გადმოცემული ჯაველინები რუსებს არაფრის დიდებით არ მისცენ".

„თქვენ ხედავთ, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში დეზინფორმაციის წყება წამოვიდა განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან და განსაკუთრებით რუსთავი ორის ორგანიზებით. სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაში ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ბოლტონი ჩამოვიდა, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში გავრცელებული რეფორმების მიმართ და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა, რომ ანტისატანკო ჯაველინების სისტემის საქართველოსთვის გადაცემა არის მნიშვნელოვანი მოვლენა. მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში, იმის მაგივრად, რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია. სამწუხაროდ პირიქით, ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, რათა მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ.“ –თქვა ლევან იზორიამ.

ამთემასთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გაკეთდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "კატეგორიულად მიუღებელია იმ საკითხებით მანიპულირება, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, უსაფრთხოებას და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას".

გუშინ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც უარყო. მათი განცხადებით, "საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო - ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა".

კომენტარები