მკვლელობა

პოლონეთში 28 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ქართველი დაკავებულია (ვიდეო)

პოლონეთში 28 წლის გოგოს გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, მამუკა ხეცურიანი დაკავებულია.

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ის უკრაინაში, ქართველი სამართალდამცავების დახმარებით დააკავეს. უწყება ტვიტერზე დაკავების ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

პოლონეთის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ ხეცურიანი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევის ერთ-ერთ ქუჩაზე, დილის 06:00 საათზე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ხეცურიანის დაკავება დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის ძებნასა და დაკავებაში საპოლიციო ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იყვნენ ჩართულები.

ინტერპოლი პოლონეთში, ქალაქ ლოძში 28 წლის გოგოს სექსუალური მოტივით მკვლელობისთვის საქართველოს 39 წლის მოქალაქეს 28 ოქტომბრიდან ეძებდა

28 წლის პაულინა დ. 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 26 ოქტომბერს იპოვეს. პოლიციის პირველადი ინფორმაციით, ქალი ნაცემია. ექსპერტიზის მიხედვით, პაულინა დ. ყელის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბელარუსის 44 წლის მოქალაქე, ასევე საქართველოს 41 და 38 წლის მოქალაქეები მალევე დააკავეს. ბელარუსის მოქალაქეს ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვისაც ედება. პროკურატურის მოთხოვნით, მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებულს კი, ამ დრომდე ეძებდნენ. ლოძის პოლიციის ინფორმაციით, მამუკა ხეცურიანმა 21 ოქტომბერს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ბრალდებული საქართველოში იმყოფებოდა.

კომენტარები