საქართველოს პარლამენტი

"პედოფილებს ქიმიური კასტრაცია უნდა ჩაუტარდეთ" - ჩერნოვეცკის საკანონმდებლო ინიციატივა

facebook.com/pg/chernovetskiy

მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. "ჩერნოვეცკის ფონდის" დამფუძნებელი პედოფილების ქიმიურ კასტრაციას და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვს. საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაავალა. საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ "პედოფილია არ არის დანაშაული, ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური დაავადება, არანაირი საპატიმრო ვადა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. პედოფილი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ასჯერ უფრო საშიში ხდება და ეს ფაქტია".

ლეონიდ ჩერნოვეცკი ითხოვს, სსკ-ის 140-ე მუხლს (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში) დაემატოს პრიმა მუხლიც, რომლის მიხედვითაც, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი დაისჯება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ქიმიური კასტრაციით. იგივე სასჯელით დაისჯება 14 წლის ასაკს მიუღწეველის გაუპატიურება ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება.

"ქიმიური კასტრაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამნაშავის ორგანიზმში ხდება სპეციალური პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს მის სქესობრივ უნარზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გონადოტროპინის სინთეზური ანალოგის შეყვანის გზით ითრგუნება მამაკაცის ჰორმონები-ტესტოსტერონი, რომელსაც მივყავართ დამნაშავის სქესობრივი სურვილების სრულ ჩახშობამდე.

ქიმიური კასტრაცია იქნება პედოფილების მიმართ სასჯელის სავალდებულო ზომა, რომელიც გამოიყენება თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პედოფილის მიმართ, რომელიც სასჯელს იხდის არა შეიძლება შეწყალება, ამნისტია, და პირობით ვადამდე გათავისუფლება" - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ლეონიდ ჩერნოვეცკი ითხოვს, სსკ-ის მე-40 მუხლს (სასჯელის სახეები) დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი - "პედოფილის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, სასჯელის სახედ გამოყენებულ იქნას ქიმიური კასტრაცია".

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ასევე ითხოვს, სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელები) შეიცვალოს შემდეგნაირად - "საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და ქიმიური კასტრაცია შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად".

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 53-ე მუხლი შემდეგი შინაარსით:

ქიმიური კასტრაცია

53.1 სამედიცინო დასკვნის და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოძალადის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომელიც ამცირებს არაჯანსაღ სექსუალურ მიიდრეკილებას;

53.2.სამედიცინო პრეპარატების სახეობას, ასევე მათი დამნაშავის ორგანიზმში შეყვანის პერიოდულობას და ოდენობას განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულება საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

53.3 სასამართლოს მიერ სასჯელის სახით დამნაშავის მიმართ ქიმიური კასტრაციის გამოყენება არ გამორიცხავს სასჯელის ძირითადი სახის - თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას;

ასევე, სსკ-ის 73-ე მუხლს (სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით) დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი - "დაუშვებელია, პედოფილისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით".

ლეონიდ ჩერნოვეცკი პარლამენტს სთხოვს, არ დაუბრუნოს საკანონმდებლო წინადადება "ტექნიკური მიზეზების" გამო და თუ საჭირო გახდება, "თქვენ თვითონ შეასწოროთ და მიიღოთ პარლამენტში".

"სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა ამ სახის დანაშაულების შესახებ არ არსებობს, თუმცა ასეთი ფაქტები ხშირია საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში.

საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას, არის შემთვევები, როდესაც წვავენ დამნაშავის სახლ-კარს. იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვების ინტერესები და მინიმუმამდე დავიყვანოთ საზოგადოების თვითნებური ჩარევის გზით ასეთი დამნაშავეების „გასამართლების“ შესაძლებლობა, გთხოვთ, განიხილოთ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება პედოფილების იძულებით ქიმიურ კასტრაციას", - ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.

კომენტარები