კანაფის ექსპორტი

დეკანოზი ანდრია ჯღამაიძე: კარგია, რომ მთავრობა საზოგადოების აზრს ითვალისწინებს

ანა გოჩაშვილი

დეკანოზ ანდრია ჯღამაიძის აზრით, სასიხარულოა, რომ მთავრობა საზოგადოების აზრს ითვალისწინებს. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეს განცხადება შს მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

"კანონპროექტი იქნება გაწვეული და ეს არის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ გამოჩნდა მთელი საზოგადოების დამოკიდებულება და ძალიან კარგია, რომ მთავრობა იზიარებს საზოგადოების აზრს. 

არგუმენტები, რატომ უნდა იქნას გაწვეული, ადრე განვიხილეთ, დღეს ამ არგუმენტებს არ დავბრუნებივართ. ჩვენ უნდა ვუსმინოთ იურისტებს, თუმცა, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზიანდეს ნარკოტიკებით", - თქვა საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯღამაიძემ

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთავრობა მთავრობა კანაფის კულტივაციის კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გამოიწვევს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იქნა მიღებული. 

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს - განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავიდოდა.

ამ ინიციატივიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელთა მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოქცეულიყო. 

ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის ექსპორტით ქვეყანა 1 მილიარდს იშოვიდა. 

ინიციატივას საზოგადოების ნაწილის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა. სასულიერო პირების ნაწილმა მთავრობის ინიციატივა გააკრიტიკა და პარაკლისიც გადაიხადა. წინააღმდეგი იყო მეუფე იაკობიც. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ კი თქვა, რომ "სამშობლოსთვის გული ხელისუფლებასაც შესტკივა". 

მაშინ მმართველმა გუნდმა პარლამენტში კანონის განხილვა შეაჩერა, თუმცა არ გაუწვევია. 

გუშინ, 1-ლ ნოემბერს პრესკონფერენცია მოიწვიეს ძალადობრივ ჯგუფის, ქართული მარშის წევრებმა და თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერდნენ, თუ ხელისუფლება ორ პირობას შეასრულებდა, მათგან ერთ-ერთი სწორედ კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევაა

კომენტარები