არჩევნები 2018

"რესპუბლიკური პარტია" გრიგოლ ვაშაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

"რესპუბლიკური პარტია" სრულ მხარდაჭერას უცხადებს "გაერთიანებული ოპოზიციიის" საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. დღეს "გაერთიანებული ოპოზიციის" ცენტრალურ ოფისში "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები - ლევან ბერძენიშვილი, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია შეხვდნენ. რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, პარტია აქტიურად იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული და ყველა რესურსს გამოიყენებენ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გასამარჯვებლად.

შეხვედრის შემდგომ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევანს ვერ აკეთებს ორ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, თვითგანადგურების გზას ადგას.

"მე ვფიქრობ, რომ ახლა არის მხოლოდ ორი არჩევანი. მხარი უნდა დაუჭირო ან სალომე ზურაბიშვილს, ან გრიგოლ ვაშაძეს. ყველა სხვა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური კრახი. პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს, “გლეხი კაცისთვის არავინ არ არის”, სერიოზულად ამბობს, რომ ის თვითგანადგურების გზას ადგას. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გადახედავენ საკუთარ გადაწყვეტილებას ზოგ-ზოგიერთები." - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეხვედრის ბოლოს გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა რესპუბლიკურ პარტიას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელზეც ორივე პარტია თანხმდება, ესენია - ევროპული ინტეგრაცია, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, სასამართლოს გადაუდებელი რეფორმა და შეწყალება იმ ადამიანებისა, რომლებიც ციხეში ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე იმყოფებიან.

ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემაც. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

"ის პარტიები, რომელსაც ვერ აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ისინი ვისაც არ აქვს წარსულის კომპლექსი და ისინი ვინც თვლიან, რომ დღეს პირველადი ამოცანა არის, არ გაჩნდეს მეტი ფარცხალაძე და არ აღმოჩნდეს ერთი პარტიის ხელში მთელი ქვეყანა - აი, ესეთი პარტიები დღეს უნდა დადგნენ ერთად და განაცხადონ, რომელ მხარეს არიან." - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.



 

კომენტარები