ზუგდიდის მერის დაკავება

კობახიძე: ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავება არჩევნებს არ უკავშირდება

პარლამენტის პრესსამსახური

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავება არჩევნებს არ უკავშირდება.

"ლაშა გოგია იყო პარტიის ადგილობრივი პრგანიზაციის თავმჯდომარე, და შესაბამისად, მას შეუნარჩუნდა შტაბის ხელმძღვანელოს ფუნქცია. რაც შეეხება დაკავებას, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტი. არავითარ კავშირში ეს არჩევნებთან არ არის და ვერც იქნება" - თქვა კობახიძემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა ქრთამის (21 500 აშშ დოლარის) აღების ბრალდებით გუშინ დააკავეს. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ლაშა გოგია ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის საქმიანობაში იყო ჩართული. ის ქართული ოცნების ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტსაც იკავებდა.  ამ ფუნქციებს გოგია მას შემდეგ ასრულებდა, რაც მერის თანამდებობა დატოვა და მასზე ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო. ზუგდიდის მერის პოსტიდან ის 12 სექტემბერს გადადგა. ერთი დღით ადრე, 11 სექტემბერს, გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმეზე გამოკითხეს. გადადგომის მეორე დღეს, 13 სექტემბერს კი, სუს-მა მის წინააღმდეგ ქრთამის აღების მუხლით გამოძიება დაიწყო. 

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ზუგდიდის ოლქში დამარცხდა. სალომე ზურაბიშვილმა ხმების 33.9% აიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი - 49.1. ხმების 11% დავით ბაქრაძეს ერგო.

კომენტარები