აშშ-საუდის არაბეთი

პომპეო: ხაშოგის მოკვლისათვის სანქციების დასაწესებლად სამხილები რამდენიმე კვირაში გვექნება

მაიკ პომპეო
Getty Image

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ აშშ-ს რამდენიმე კვირაში ექნება საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ საუდის არაბეთს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო პასუხი გასცეს და სანქციები დაუწესოს.

"ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების დაწესებას იმ ინდივიდებისათვის, ვისი მკვლელობასთან კავშირიც უკვე დადგინდა. სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დაგვჭირდება საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რათა დავაწესოთ ეს სანქციები. პრეზიდენტმა თქვა, რომ მოვითხოვთ პასუხისგებაში მიეცნენ ისინი, ვისაც კავშირი აქვთ ამ საშინელ დანაშაულთან." თქვა მან.

ამასთანავე პომპეომ თქვა, რომ აშშ-ს საუდის არაბეთთან ღრმა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა აქვს და სურთ, რომ ეს ურთიერთობა ასე დარჩეს.

The Washington Post-ისა და New York Times-ის მიხედვით, ხაშოგის გაუჩინარებდან ერთი კვირის შემდეგ, სანამ საუდის არაბეთი აღიარებდა, რომ ის საკონსულოში მოკლეს, სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა სატელეფონო საუბარი გამართა დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან და ხაშოგის საშიში ისლამისტი უწოდა. სატელეფონო საუბრისას მან თქვა, რომ ხაშოგი "მუსლიმი ძმების" ისლამისტური ორგანიზაციის წევრი იყო. ჟურნალისტის მეგობრების თქმით ხაშოგი ორგანიზაციას ახალგაზრდობაში შეუერთდა, თუმცა აქტიური წევრი არ ყოფილა.

საუდის არაბეთი მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას უარყოფს.

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ერ-რიადში ინვერსტირების ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე ხაშოგის მკვლელობას საზარელი დანაშაული უწოდა, რომელსაც გამართლება არ აქვს და თქვა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

თურქეთის გამოძიების მიხედვით ხაშოგი საკონსულოში მისვლიდან მალევე გაგუდეს. მისი გვამი ამ დრომდე არ არის აღმოჩენილი. ქვეყანა საუდის არაბეთს მოუწოდებს ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 18 პირი თურქეთში გაასამართლონ.

ჟურნალისტის მკვლელობის გარშემო არსებული კითხვების გამო გერმანიამ საუდის არაბეთს იარაღის ექსპორტი შეუჩერა, ხოლო საფრანგეთი სანქციების დაწესებას განიხილავს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ თურქეთის მიერ მოპოვებული სამხილების მიხედვით ხაშოგის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

მანამდე ის ამბობდა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები