სექსუალური შევიწროება

PHR ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტებზე პრესკონფერენციას გამართავს

დღეს, 20:00-ზე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ ზვიად დევდარიანის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ორგანიზაციის განცხადებით, PHR-ისთვის ცნობილი გახდა 2018 წლის პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის თანახმადაც "ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამოყენებით (...) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო“.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ ჟურნალისტებისთვის გამართავს პრესკონფერენციას და აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთებს საჯარო განცხადებას" - აცხადებს PHR.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები